ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება 24 ივლისიდან დაიწყება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უკვე მოეწერა ხელი კონტრაქტებს უცხოეთის იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ საქართველოდან.
მისივე ინფორმაციით, განაცხადების მიღება ორშაბათიდან, 24 ივლისიდან დაიწყება.
„ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კონტრაქტებს უკვე მოეწერა ხელი შერჩეულ კლინიკებთან. ორშაბათიდან შეგვეძლება განაცხადების მიღება და პროცესის ორგანიზება. სპეციალური ბორდის მეშვეობით მოხდება განხილვა, ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაშვება იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, თუ რომელი პროცესი უფრო სასურველია დაავადების განსაკურნებლად“, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს სახელმწიფოს დაფინანსებით თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროექტი მთავრობის სხდომაზე 10 ივლისს განიხილეს. პროექტის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონი ლარია.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაზრის წინასწარი კვლევის საფუძველზე, უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი.
„პროექტის ფარგლებში პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პროტონოთერაპია, რომელიც გარკვეული ტიპის სოლიდური სიმსივნის სამკურნალოდ უკანასკნელი სიტყვაა თანამედროვე მედიცინაში.
საკითხის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ ხარისხიან ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, სახელმწიფოს პრიორიტეტია.
18 წლამდე პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპი იქნება, ვიდრე საქართველოში გაძლიერდება სერვისები და შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები