იტალია

პაპანაქება სიცხე „ცერბერი“ ევროპას უტევს – იტალიის 10-ზე მეტ ქალაქში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

იტალიაში სიცხისგან 44 წლის მხატვარი დაიღუპა

„ცერბერი“ (დანტეს „ჯოჯოხეთიდან“ სამთავიანი მონსტრი, რომელიც ჯოჯოხეთის კარიბჭეს იცავს) – ასე შეარქვეს სიმბოლურად რეკორდულ სითბურ ტალღას, რომელმაც ევროპაში უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურა მოიტანა. ბებერი კონტინენტის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში რამდენიმე დღეა „ცერბერს“ ებრძვიან.

იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებში გაუსაძლის პაპანაქებასთან გასამკლავებლად შესაბამის ზომებს იღებენ. ამის მიუხედავად „ცერბერმა“ ერთი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა – იტალიის ჩრდილოეთში 44 წლის მხატვარმა კაცმა 40-გრადუსიანი სიცხის გამო გონება დაკარგა და გარდაიცვალა. ბოლო დღეებში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ ადგილებში 45 გრადუსს მიაღწია.

სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში, შაბათ-კვირას ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა რე­კორ­დულ ნიშნულამდე აიწევს, მათ შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით იტა­ლი­ა­ში, სა­დაც ტემ­პე­რა­ტუ­რის ზრდას 48 გრა­დუ­სამ­დე ვა­რა­უ­დო­ბენ. ამის გამო იტა­ლი­ის 10-ზე მეტ ქა­ლაქ­ში გან­გა­შის წი­თე­ლი დონე გა­მო­ცხად­და, მათ შორის, რომში, ფლორენციასა და ბოლონიაში. ხელისუფლებამ გაავრცელა გაფრთხილება მოსახლეობისა და ტურისტებისთვის, დარჩნენ შენობაში, თავიდან აიცილონ გაუწყლოვნება და არ მიიღონ ალკოჰოლი.

გამოსასვლელი დღეების მერე „ცერბერი“ ნელ-ნელა უკან დაიხევს, თუმცა იტალიელი სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ უახლოეს 10-12 დღის განმავლობაში უკეთესობა არ იქნება. „ცერბერის“ შემდეგ სიცხის მორიგი ტალღაა მოსალოდნელი, რომელსაც მათ უკვე უწოდეს „ქარონი“ (ბერძნულ მითოლოგიაში მენავე, რომელსაც მიწისქვეშა სამეფოს მდინარეზე საფასურის სანაცვლოდ გარდაცვლილთა სულები გადაჰყავდა. რედ.). ახალი სითბური ტალღა კიდევ ერთხელ გაზრდის ტემპერატურას რომში 43°C-მდე, სიცილიაზე და სარდინიაზე  კი 47-48°C-მდე სიცხეს ელოდებიან.

ევროპაში დაკვირვებების წარმოების პერიოდში ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2021 წლის აგვისტოში სიცილიაზე დაფიქსირდა – 48,8°C. სპეციალისტები წელს ამ რეკორდის გამეორებას ვარაუდობენ.

ქალაქებში, სადაც უამრავი ტურისტი მიდი-მოდის, როგორიცაა, მაგ., რომი, ძირითადი ღირსშესანიშნაობების სიახლოვეს ხელისუფლებამ სპეციალური გამაგრილებელი „კარვები“  განათავსა, რომლებშიც არის კონდიციონერები და უფასო სასმელი წყალი, აგრეთვე, მორიგეობენ სამედიცინო მუშაკები, რომლებიც მზად არიან, სითბური დარტყმის შემთხვევაში დაზარალებულ ადამიანებს დაეხმარონ.

ბარსელონის ინსტიტუტის – ISGlobal-ის კვლევის თანახმად, გასულ წელს ევროპაში სიცხისგან 61 672 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ყველაზე მეტი – იტალიაში (18 010 ადამიანი), ესპანეთსა (11 324) და გერმანიაში (8 173).

შიშობენ, რომ წელს „ცერბერისა“ და „ქარონის“ მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო მეტი იქნება.

პაპანაქება სიცხის მიმართ ყველაზე მოწყვლადნი არიან ხანდაზმული ადამიანები და ისინი, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ.

ნანა ძნელაძე

ამავე თემაზე: 6 რჩევა – როგორ გავუმკლავდეთ პაპანაქება სიცხეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close