ნეაპოლის ქვეშ ევროპაში ყველაზე დიდი ვულკანი იღვიძებს – რამდენად საშიშია?
ნეაპოლი - ახალი პომპეი? ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა მზად აქვს
კამპი ფლეგრეის (იტ. Campi Flegrei – ფლეგრეის ველები) ფართომასშტაბიანი ამოფრქვევა ბევრად უფრო დამღუპველი იქნებოდა, ვიდრე ვეზუვის ამოფრქვევა იყო ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში. მეცნიერები ფლეგრეის ველების სუპერვულკანის შესაძლო ამოფრქვევას პროგნოზირებენ, რომელიც ნეაპოლის ცენტრიდან 15 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს. პოტენციური კატასტროფის ზონაში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
9 ივნისს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული სტატიის თანაავტორის, სტეფანო კარლინოს თქმით, ფლეგრეის ველების წიაღში წნევა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
უკანასკნელად ვულკანი Campi Flegrei რენესანსის ეპოქაში ამოიფრქვა, მაგრამ ახლა ვულკანის ყელში ქანების დეფორმაცია დაფიქსირდა. ამის გამო მაგმის კამერის „სახურავი“ უფრო ახლოსაა გარღვევასთან, ვიდრე ოდესმე.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა შეიმუშავა. რისკის დონე ყოველთვიურად მოწმდება.
რამდენად საშიშია ფლეგრეის ველები?
ნეაპოლი უფრო ცნობილია ვულკან ვეზუვის ხედით, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, 79 წელს განვითარებული დრამატული მოვლენების მთავარი დამნაშავეა – როგორც ცნობილია, ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად პიროკლასტურმა ნაკადებმა პომპეი და სხვა მიმდებარე ქალაქები გაანადგურა.
დიდ ვულკანურ კომპლექსს Campi Flegrei-ს, რომლის კალდერა (წრიული ან ოვალური ფორმის ვულკანური წარმოშობის ღრმული), ძირითადად, წყლის ქვეშ მდებარეობს, ასეთი ტურისტული პოტენციალი არ გააჩნია, მაგრამ რეალურ საფრთხეს უქმნის კამპანიის რეგიონის მოსახლეობას.
ვულკანური კომპლექსი უზარმაზარ არეალს იკავებს დაახლოებით 12-14 კმ დიამეტრით: ნეაპოლის ყურის სანაპიროზე ყველა ამაღლებული ადგილი ამ სუპერვულკანის ბორცვია. იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, „წითელ“, ანუ ყველაზე მაღალი რისკის, ზონაში 500 000 ადამიანი ცხოვრობს, კიდევ 800 000 ადამიანი კი „ყვითელი“ ზონის მაცხოვრებელია.
ითვლება, რომ დაახლოებით 30 000 წლის წინათ ვულკან ფლეგრეის ველების მეგაამოფრქვევა გახდა ევროპაში ნეანდერტალელების გადაშენების ერთ-ერთი მიზეზი და „ვულკანური ზამთრის“ დადგომა გამოიწვია. ატმოსფეროში ამოსული ფერფლი მრავალი წლის განმავლობაში ბლოკავდა მზის შუქს, რაც გლობალური კლიმატის გაცივების მიზეზი გახდა.
სუპერვულკანის ბოლო მნიშვნელოვანი ამოფრქვევა მე-16 საუკუნეში დაფიქსირდა: 1538 წელს ვულკანი რვა დღის განმავლობაში იფრქვეოდა. ლავის, მთის ქანებისა და ფერფლის ღრუბლების ამოტყორცნის შედეგად წიდის კონუსი Monte Nuovo („ახალი მთა“) წარმოიქმნა.
1980-იან წლებში ვულკანი კვლავ გააქტიურდა და ამის გამო მიმდებარე ტერიტორიებიდან 40 000 მცხოვრები გაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მას შემდეგ სუპერვულკანი შედარებით მშვიდი იყო, თუმცა ახლა შეშფოთების საფუძველი გაჩნდა: ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) და იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (INGV) მეცნიერთა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ქანები, რომლებიც ვულკანის მაგმა კამერას ფარავს, ახლოსაა მსხვრევასთან. კედლების ნაწილის შესაძლო ნგრევა არ ნიშნავს, რომ კატასტროფა გარდაუვალია, რადგან მაგმამ ჯერ წარმოქმნილ ბზარამდე უნდა აიწიოს, რომ ამოფრქვევა მოხდეს.
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამოფრქვევა მოხდება, ჩვენ ვამბობთ, რომ ამოფრქვევის პირობები უფრო ხელსაყრელი გახდა“, – განუცხადა AFP-ს კვლევის მთავარმა ავტორმა კრისტოფერ კილბერნმა.
ნეაპოლი – ახალი პომპეი?
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში მეცნიერები ამბობენ, რომ სუპერვულკანის ქვეშ მაგმის კამერა „თითქმის ზღვრამდე გაფართოვდა“.
2019 წლიდან მცირე ბიძგების რიცხვი იზრდება და ტექტონიკური ძაბვაც გროვდება. მიმდინარე წლის აპრილში 600 ასეთი რყევა დაფიქსირდა.
მიმდებარე ტერიტორიაზე გრუნტის დონემაც აიწია. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ზღვისპირა ქალაქი პიცუოლი 1950-იანი წლების შემდეგ თითქმის ოთხი მეტრით მაღლა აიწია.
„შესაძლებელია ამოფრქვევას წინ უძღოდეს შედარებით სუსტი სიგნალები, როგორიცაა გრუნტის აწევის ტემპის შენელება და სეისმური აქტივობის შემცირება“, – ამტკიცებენ გეოლოგები.
ისინი, აგრეთვე, ამბობენ, რომ დიდი ამოფრქვევა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა შეიძლება მცირე ამოფრქვევების სერია მოხდეს.
მზადება უარესისთვის
ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიმუშავა ევაკუაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, მოსახლეობა სამი დღის განმავლობაში დატოვებს ამოფრქვევის ზონას პირადი ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
რისკის დონეები – „მწვანე“, „ყვითელი“, „ნარინჯისფერი“ და „წითელი“ – პერიოდულად, ყოველთვიურად განიხილება.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, პოცუოლიში საფრთხის ამჟამინდელი დონე „ყვითელია“. მაცხოვრებლები რიხტერის სკალით 1,5 ან მეტი მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგების შესახებ ტექსტურ შეტყობინებებს იღებენ.
ორიგინალი სტატია: euronews.com
ნინო ხოშტარია
მსგავს თემაზე: პომპეის მცხოვრებლები ვულკანის ამოფრქვევიდან 15 წუთში დაიღუპნენ – ახალი კვლევა
პომპეის მცხოვრებლები ვულკანის ამოფრქვევიდან 15 წუთში დაიღუპნენ – ახალი კვლევა
კომენტარები