ისტორიაიტალიაკულტურა

პომპეის მაცხოვრებლები ვულკანის ამოფრქვევიდან 15 წუთში დაიღუპნენ – ახალი კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წლის 24 აგვისტოს, დღისით იტალიის ტერიტორიაზე ვულკან ვეზუვის მძლავრი ამოფრქვევისას ქალაქ პომპეის მცხოვრებნი პიროკლასტური ნაკადების – ცხელი აირებისა და ვულკანური ფერფლის სქელი ღრუბლებით ქალაქის დაფარვის შედეგად სულ რაღაც 15 წუთში დაიღუპნენ

დაახლოებით ამდენი დასჭირდა საბედისწერო „ღრუბლებს“ ქალაქამდე მისაღწევად, რომელიც ვეზუვიდან 10 კმ-ითაა დაშორებული. 2 ათასამდე მცხოვრებიდან უმეტესობა ასფიქსიით გარდაიცვალა.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბარის (იტალია) უნივერსიტეტის დედამიწისა და გეოეკოლოგიური მეცნიერებების განყოფილების მეცნიერები, გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული სამეცნიერო ინსტიტუტის (Ingv) და ბრიტანეთის ედინბურგის გეოლოგიური სამსახურის მკვლევრებთან ერთად.

„სამუშაოს მიზანი იყო შეგვქმნა მოდელი, რათა გაგვერკვია და ხარისხობრივად შეგვეფასებინა პიროკლასტური ნაკადების ზემოქმედება პომპეის დასახლებულ რაიონზე“, – ამბობს Ingv-ს ვეზუვის ობსერვატორიის მკვლევარი რობერტო ისაია.

მეცნიერებმა შეისწავლეს ვულკანური ფერფლის შემადგენლობა და შექმნეს მათემატიკური მოდელი, რომლის მეშვეობითაც სურათი აღადგინეს.

ისაიას თქმით, „სასიკვდილო ღრუბლის“ ტემპერატურა 100 გრადუსს აღემატებოდა, ის CO2-ის, ქლორიდების, გავარვარებული ფერფლისა და ვულკანური მინების ნაწილაკებისგან შედგებოდა.

„სავარაუდოდ, ბევრი ადამიანი ვულკანიდან ამოტყორცნილი ქვის ნატეხების წვიმის მსხვერპლი გახდა, რომელიც ახლომდებარე დასახლებებს ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ დაატყდა თავს, მაგრამ უმეტესობა ასფიქსიით დაიღუპა“, – ამბობს ისაია.

UniBa-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ პიროკლასტური ნაკადები ყველაზე დამანგრეველი მოვლენაა ვულკანების ამოფრქვევის დროს. „ლავების ნაკადებისგან განსხვავებით, ისინი ამოფრქვევის სვეტის კოლაფსის შედეგად წარმოიქმნება. ამ გზით გაჩენილი ვულკანური ფერფლის ცხელი მასა, ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცით, მთის ფერდებზე ეშვება ასობით კმ/სთ სიჩქარით“.  ქალაქის დასაფარად პიროკლასტურ ნაკადებს მხოლოდ 10-დან 20 წუთამდე დრო დასჭირდა. მოსახლეობა მიწისძვრებს იყო შეჩვეული (ვულკანის ამოფრქვევამდე 17 წლით ადრე, ჩვენი წელთაღრიცხვით 62 წლის 5 თებერვალს პომპეიში მძლავრი მიწისძვრა მოხდა – ამის შესახებ ცნობას რომაელი ისტორისკოსი  ტაციტუსი (56-117) გადმოვგვცემს თავის „ანალებში“), თუმცა ასეთ კატასტროფას არ ელოდა და, რობერტო ისაიას თქმით, სავარაუდოდ, ვერც მოასწრეს გააზრება, რა მოხდა.

შემდეგ კი, როდესაც ვულკანურმა ლავამ პომპეიმდე მიაღწია, ქალაქში ცოცხალი აღარავინ იყო.

ქალაქ ნეაპოლთან ახლომდებარე პომპეის არქეოლოგიური პარკი გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. იტალიაში მას რომის კოლიზეუმის შემდეგ ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close