fbpx
იტალიაკულტურა

პომპეიში 2 ათასი წლის წინანდელი უნიკალური ფრესკა აღადგინეს

პომპეიში ხასხასა ფერებით ისევ გააცოცხლეს უნიკალური კედლის მხატვრობა ცეიის სახლის (Casa dei Ceii) უკანა კედელზე, ბაღის მხარეს. არქეოლოგებმა ლაზერის საშუალებით შეძლეს ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წელს ვულკან ვეზუვისგან განადგურებული ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სრულყოფილი ფრესკის რესტავრირება.

თავად ნაგებობის ნაშთები 1913-1914 წლებში აღმოაჩინეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სახლი ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში უნდა აეგოთ და ის ადგილობრივი მოსამართლის და მისი ოჯახის საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო.

მომდევნო ასი წლის განმავლობაში, მოუვლელობის გამო, ტენიანობისა და მზის ზემოქმედებით ფრესკა გაცვდა და გახუნდა, თუმცა მას ახლა ძველებური ხასხასა ფერები დაუბრუნდა.

აღდგენილ სურათზე კარგად ჩანს გარეული ცხოველების ნადირობის სცენა: ლომი, რომელიც ხარს მისდევს, ლეოპარდი, რომელიც ცხვარს თავს ესხმის და ტახი, რომელსაც ირემზე მიაქვს იერიში… გვერდებზე ეგვიპტური პეიზაჟებია, ნილოსის დელტის პიგმეები და ცხოველები. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ შემთხვევაში ფრესკის თემატიკა, დიდი ალბათობით, მოწმობს სახლის მფლობელის განსაკუთრებულ ინტერესს ეგვიპტური სამყაროსა და ისიდას კულტის მიმართ, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული პომპეიში ბოლო წლებში. ფრესკები, როგორც წესი, პომპეის ბაღების პერიმეტრს ამშვენებდა იდილიური ატმოსფეროს შესაქმნელად და სივრცის ვიზუალური გაფართოების მიზნით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close