საზოგადოებაქართველები უცხოეთში

„ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა“ – ხატია ბუნიათიშვილი დედა გახდა

ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი დედა გახდა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ თავად დაწერა ფეისბუქში.

„ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა“, – წერს ხატია და ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ახალშობილის ხელის დედის და მამის ხელებშია მოქცეული. ქართველ ვირტუოზ მუსიკოსს უამრავი ადამიანი ულოცავს.

ჯერჯერობით უცნობია ბავშვის სქესი, ხატია არც ბავშვის მამის ვინაობას ამხელს. სავარაუდოდ, ბავშვი საფრანგეთში, პარიზში დაიბადა.

სახელგანთქმულმა პიანისტმა საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ თავად დაწერა სოციალურ ქსელში სიმბოლურად ვალენტინობის დღეს, 14 თებერვალს და თავისი ფოტოც გამოაქვეყნა, თუმცა ფრანგულ მედიაში 27 იანვარს უკვე წერდნენ პიანისტის მომავალი დედობის შესახებ.

ხატია ოფიციალურად დაოჯახებული არ არის და არც არასდროს ყოფილა. მის პირად ცხოვრებაზე ბევრი არაფერია ცნობილი.

2017 წელს, მას შემდეგ, რაც პაპარაცებმა პარიზის ქუჩაში ბრიტანელი მსახიობი ორლანდო ბლუმი და ხატია ბუნიათიშვილი ერთად მოსეირნე გადაიღეს, მედია მათ რომანზე ალაპარაკდა. წერდნენ, რომ კეტი პერისთან დაშორების შემდეგ „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ვარსკვლავს ქართველი ვირტუოზი პიანისტი შეუყვარდა. ხატიას და ორლანდოს ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. 2018 წლის მაისში ორლანდო და კეტი პერი ისევ ერთად გამოჩნდნენ და 2019 წელს დაინიშნნენ, 2020 წლის 27 აგვისტოს მათ ქალიშვილი შეეძინათ. ისინი დღემდე ერთად არიან.

ხატია ბუნიათიშვილი წლებია, პარიზში ცხოვრობს, იგი საქართველოს და საფრანგეთის მოქალაქეა. ხატია ორჯერ გახდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს – Echo Klassik-ის ლაურეატი:  2012 წელს ფერენც ლისტის ალბომისთვის და 2016 წელს ალბომისთვის „კალეიდოსკოპი“, რომელშიც მუსორგსკის, რაველის და სტრავინსკის ნაწარმოებებია შესული მისივე შესრულებით.

ქართველი პიანისტი 2010 წელს Borletti-Buitoni Trust Award-ის ლაურეატიც გახდა, ხოლო მისი ალბომი „Schubert“ 2019 წლის მარტში საფრანგეთის კლასიკური მუსიკის ჩარტებში პირველი პოზიციაზე გავიდა.

ნუცა ყაველაშვილი

ამავე თემაზე: ხატია ბუნიათიშვილი საფრანგეთში კვლავ ლიდერია

ხატია ბუნიათიშვილი საფრანგეთში კვლავ ლიდერია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close