საომარ მოქმედებებში დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად ტაძარი აშენდება
ეს იქნება მსოფლიოში პირველი საკულტო ნაგებობა, სადაც დაპირისპირებაში მონაწილე ყველა მხარის წარმომადგენელთა განსანათლებლად ილოცებენ
საქართველოს პატრიარქის განცხადებით, „1991-1993 და 2008 წლების ომებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად“ ეკლესია აშენდება. ილია მეორის თქმით, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ადგილი 2011 წელს აკურთხეს.
23 მაისს, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში სვიმონ კანანელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართა.
აღინიშნა, რომ „ტაძარი შენდება 1990-იან წლებში განვითარებულ საომარ მოქმედებებში დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების მოსახსენებლად და წარმოადგენს მთელ მსოფლიოში ანალოგის არმქონე ერთადერთ საკულტო ნაგებობას, სადაც აღვლენილ იქნება ლოცვები დაპირისპირებაში მონაწილე ყველა მხარის წარმომადგენლის სულის განსანათლებლად, შერიგებისა და საყოველთაო მშვიდობის დასამყარებლად“.
„უნდა აშენებულიყო ტაძარი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ომში მოწყვეტილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად და ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს მშენებლობა შეფერხდა.
სვიმონ კანანელის ხსენების დღეს ამ ტაძრის საფუძველი განახლდა. ეკლესია ბაზილიკის ტიპის იქნება ხუთი საკურთხევლით: წმ. სვიმონ კანანელის, წმ. ვასილისკოს, წმ. იოანე ოქროპირის, ქსნის ერისთავთა – შალვას, ელიზბარის და ბიძინა ჩოლოყაშვილის, ასევე, გაერთიანებული საქართველოს დიდებული მეფის – წმ. თამარის სახელობისა.
მათი მეოხებით ღმერთმა სავანესა თვისსა განუსვენოს ძმათა მკვლელი ომის მსხვერპლთ, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიჰმადლოს მშვიდობა;
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს მრავალჭირგამოვლილი, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ჩვენი მოსახლეობა და ყოველი ადამიანი, ვინც ამ ტაძრის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას.
ღმერთმა დალოცოს აფხაზები, ოსები და სრულიად საქართველო!“ – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.
კომენტარები