დღის თემავიდეოქართველები უცხოეთში

ნუცა ბუზალაძემ ქართული დროშის გამოსახულებიანი კაბით ვაშინგტონში, კონგრესის ბიბლიოთეკაში 2 ქვეყნის ჰიმნი შეასრულა (ვიდეო)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვაშინგტონში, კონგრესის ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა.

სპეციალურად ამ დღისთვის სტუმრად მიიწვიეს მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელმაც საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნები შეასრულა.

ამერიკის ჰიმნი ნუცას შესრულებით:

ნუცას საქართველოს დროშის გამოსახულებიანი კაბა ეცვა, რომელიც დიზაინერმა თაკო მექვაბიძემ შექმნა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკაში 160 მილიონზე მეტი წიგნი, აუდიო თუ ვიდეოჩანაწერი, ხელნაწერი, ფოტო, რუკა და გაზეთი ინახება, მათ შორის ათასობით ეგზემპლარი საქართველოს შესახებაა. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს.

 

აქ დაცულია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი მასალებიც, არაერთი დოკუმენტი, წიგნი და გაზეთი, რომელიც იმ დროს საქართველოსა თუ მის საზღვრებს გარეთ გამოიცა.

კონგრესის ბიბლიოთეკის მკვლევარი პოლ ქრეგო ამბობს, რომ ვაშინგტონში, კონგრესის ბიბლიოთეკაში ამჟამად 10 ათასზე მეტი ქართული დასახელების წიგნი ინახება. ამაზე მეტი შტატებში შეიძლება მხოლოდ ჰარვარდის ბიბლიოთეკას ჰქონდეს.

ბიბლიოთეკის მკვლევრები სხვადასხვა ღირებულ მასალას ათეულობით წლის განმავლობაში აგროვებდნენ. დღეს ქართული თუ საქართველოს შესახებ არსებული მასალები არაერთი კოლექციის ნაწილია.​

მკვლევრები ამბობენ, რომ პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის მნიშვნელობის და მისი ისტორიის გასააზრებლად მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმდროინდელი ქართული მასალები, არამედ, 1918 წლამდე და 1921 წლის შემდეგ გამოცემული მასალებიც, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ერთ-ერთ მთავარ „მონაპოვრად“ მკვლევრებს 1918-21 წლებში საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების კატალოგი და მათი ორიგინალების ამსახველი ფირები მიაჩნიათ. 200-ზე მეტი ასეთი ფირი ბიბლიოთეკის განსაკუთრებით იშვიათი მასალების საცავში ინახება.

კონგრესის ბიბლიოთეკაში მკითხველის ბარათის მიღება და ყველა ამ მასალის გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს თუ მკვლევარს შეუძლია. ამისთვის მხოლოდ ისაა საჭირო, რომ 16 წელზე წელზე მეტი ასაკის იყოთ და ნებისმიერი ქვეყნის პირადობის მოწმობა გქონდეთ. ბიბლიოთეკის ზოგიერთი მასალა ონლაინაცაა ხელმისაწვდომი.

მოამზადა მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close