ალენ დელონის არაღიარებული ვაჟი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ალენ დელონის ვაჟი, ფოტოხელოვანი კრისტიან აარონ ბულონი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი პარიზში, მე-15 ოლქში (arrondisement), Cambronne-ის ქუჩაზე საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მისი მომვლელი ქალი დააკავეს. ამის შესახებ Le Parisen-ი წერს.
გამოცემის ცნობით, გამოძიების პირველადი მონაცემებით, არი ბულონს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა -. მას „ჰემიპლეგიის“ დიაგნოზი დაუსვეს, რაც კუნთების სისუსტეს ნიშნავს. ცოტა ხნის წინ იგი საავადმყოფოში მოხვდა და ცუდად დაცემის შედეგად სავარძლით გადაადგილდებოდა.
იგი პირველმა მომვლელმა ქალმა იპოვა გარდაცვლილი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, სახლში რამდენიმე დღის განმავლობაში არ ყოფილა. პოლიციამ ქალი დააკავა ჯანმრთელობის მხრივ საფრთხეში მყოფი ადამიანის მზრუნველობის გარეშე დატოვების გამო. აუტოფსიის შედეგად გაირკვევა აარონის სიკვდილის მიზეზი.
კრისტიან აარონ ბულონი ცნობილი გერმანელი მომღერლის, მსახიობისა და მოდელის, Nico-ს (Christa Päffgen) შვილია, რომელიც ენდი უორჰოლის მუზა და ჯგუფ Velvet Underground-ის სოლისტი იყო. ქალი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მისი ვაჟი 1960-იან წლებში ალენ დელონთან ხანმოკლე რომანის შედეგად გაჩნდა (აარონი 1962 წელს დაიბადა). Nico 1988 წელს გარდაიცვალა თავის ტრავმის გამო, რომელიც ველოსიპედიდან ჩამოვარდნის შედეგად მიიღო.
აარონი ათეული წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ალენ დელონის შვილი იყო, თუმცა მისგან აღიარებას ვერ მიაღწია. დელონი ყოველთვის უარყოფდა აარონის ბიოლოგიურ მამობას და უარი თქვა დნმ-ის ანალიზის გაკეთებაზეც.
კრისტიან აარონ ბულონი, დაბადებით – კრისტიან აარონ პაფგენი დიდწილად ალენ დელონის დედამ, ედიტმა გაზარდა. მან იგი თავის მეორე ქმართან – პოლ ბულონთან ერთად იშვილა და პოლმა ბიჭს გვარიც მისცა.
„მშვიდად განისვენე არი, ტრაგიკული ბედი, სევდა…“ – წერს სოციალურ ქსელში ალენ დელონის მეორე ვაჟი, ენტონი.
შეგახსენებთ, რომ 87 წლის ალენ დელონმა რამდენიმე ხნის წინათ განაცხადა, რომ ევთანაზიის დახმარებით ისურვებდა სიცოცხლის დატოვებას. შვეიცარიაში, სადაც მსახიობი ამჟამად ცხოვრობს, ეს პროცედურა კანონით ნებადართულია.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები