როგორ და რატომ მოხვდნენ სიმსივნის დიაგნოზის გარეშე ადამიანები ონკოპაციენტების ბაზაში
გაყალბებული სამედიცინო დოკუმენტები, არარეალური პაციენტების ბაზა, ხელოვნურად დამძიმებული ანამნეზები, სამედიცინო ბიზნესი – „კურიერი P.S.“-მა მოიპოვა სკანდალური დოკუმენტები, რომლებიც კლინიკების შავ ბუღალტერიას ამხელს.
კლინიკა, ძირითადად, ონკოპაციენტებს ემსახურება. შესაბამისად ჟურნალში, გაწეულ მომსახურებებში ქიმიოთერაპიის პროცედურები ჭარბობს. მაგალითად, დოკუმენტის მიხედვით, 6 მარტს, მხოლოდ დღის პირველ ნახევარში, პროცედურა 53 პაციენტს ჩაუტარდა, მაგრამ მათი ნაწილი სატელეფონო საუბრისას ამას უარყოფს. პაციენტებთან გასაუბრებით დგინდება, რომ ჟურნალში ჩანაწერები გაყალბებულია.
არიან ისეთი მოქალაქეებიც, რომლებმაც საკუთარი თავი ონკოპაციენტების ბაზაში შემთხვევით აღმოაჩინეს ისე, რომ მათთვის კიბოს დიაგნოზი არ დაუსვამთ და არც შესაბამისი მკურნალობა გაუვლიათ, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვას მათთვის პროცედურები დაფინანსებული აქვს.
პერიოდულად, კლინიკა საქველმოქმედო აქციებსაც ატარებდა. რეგიონებიდან მოქალაქეებს უფასო ანალიზებს სთავაზობდა და ტრანსპორტირებითაც თავად უზრუნველყოფდა. პაციენტებს კვლევა ჩაუტარეს, მონაცემები ჟურნალში შეიტანეს, მაგრამ აქედან უკვე საეჭვო ბაზაში გადაინაცვლა ისე, რომ პაციენტები ინფორმირებულნი არ იყვნენ.
კლინიკა „საროველში“ სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებსაც მკურნალობენ, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზით.
კლინიკის თანამშრომლების ცნობით, დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკა „საროველი“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ამოიღო.. პარალელურად, გამოძიება დაიწყო პროკურატურამ, ახლა ამ უწყებამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი პაციენტების დიაგნოზების დამძიმების ფაქტებს საბუთების გაყალბებისა და სამინისტროსგან დაფინანსების მიღების მიზნით.
კომენტარები