ვიდეოსაბერძნეთი

მიცოტაკისმა საბერძნეთში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა; კატასტროფის მსხვერპლთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა, 25 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება (ვიდეო)

საბერძნეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბოლო განახლებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მატარებლების  შეჯახების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. ტრანსპორტის მინისტრის, კოსტას კარამანლისის თქმით, მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. მინისტრმა პირობა დადო, რომ სარკინიგზო კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს დიდი სერიოზულობით და ღიად გამოიძიებენ.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დადასტურებულია 42 გარდაცვლილი, 25 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

საბერძნეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ლარისასთან ახლოს მატარებლების შეჯახების მომენტში, გავრცელებული ცნობით, სამგზავრო მატარებელში 350-მდე მგზავრი იყო.

გამოცემა Proto Thema-ს ინფორმაციით, სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 72-მდე ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს.

მისივე თქმით, დაღუპულთა ამოცნობაც „ძალიან ძნელი“ აღმოჩნდა, რადგანაც ტემპერატურამ იმ ადგილას, სადაც ხანძარმა იფეთქა, 1300°C-ს  გადააჭარბა.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ მატარებლების ნამსხვრევებს შორის სიცოცხლის ნიშნებს, თუმცა იმედი სულ უფრო და უფრო კლებულობს.

ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია ლარისის რკინიგზის სადგურის უფროსი, რომელსაც ბრალი ედება უყურადღებობით მკვლელობაში, აგრეთვე, გამომძიებლები სახელმწიფო რკინიგზის თანამშრომლების დაკითხვას აწარმოებენ. ჯერჯერობით დაუდგენელია, რატომ აღმოჩნდა ერთ გზაზე ორი – ათენიდან თესალონიკში მიმავალი სამგზავრო და თესლონიკიდან ლარისაში მიმავალი – მატარებელი.

ლარისის სადგურის უფროსი, 59 წლის მამაკაცი, რომელიც სიგნალიზაციაზეა პასუხისმგებელი, საკუთარ ბრალეულობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ შემთხვევა შეიძლება ტექნიკურ გაუმართაობას გამოეწვია.

„ბიბისის“ კორესპონდენტის ცნობით, მას უთხრეს, რომ მატარებლების სისტემა ხელით იმართებოდა და არა ელექტრონულად.

ჟურნალისტის თქმით, დაღუპულთა უმეტესობა, მისი ინფორმაციით, ახალგაზრდაა, რომლებიც „სუფთა ორშაბათის“ კარნავალის შემდეგ ათენიდან თესალონიკში ბრუნდებოდნენ, სადაც ზოგადად ბევრი სტუდენტი ცხოვრობს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი მატარებლების შეჯახების ადგილას ჩავიდა. მან თქვა, რომ მომავალში ასეთი ტრაგედია არასდროს უნდა განმეორდეს. მიცოტაკისმა საბერძნეთში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. ყველა საჯარო შენობაზე დაშვებულია დროშები.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტრანსპორტის მინისტრი კოსტას კარამანლისი გადადგა. მან თქვა, რომ „მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს“ და დაკავებულ პოსტს ტოვებს. მინისტრის განცხადება მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ნინო ბაჯელიძე

ამავე თემაზე: ეროვნული ტრაგედია საბერძნეთში – მატარებლების შეჯახების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 85 დაშავდა (ვიდეო)

ეროვნული ტრაგედია საბერძნეთში – მატარებლების შეჯახების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 85 დაშავდა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close