ვიდეოსაზოგადოებასაბერძნეთი

ეროვნული ტრაგედია საბერძნეთში – მატარებლების შეჯახების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 85 დაშავდა (ვიდეო)

საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, 38 ადამიანი დაიღუპა, 85 კი დაშავდა.

სამგზავრო მატარებელი IC 62, რომელიც სამშაბათს, 28 თებერვალს ათენიდან თესალონიკში მიდიოდა, თესალონიკიდან ლარისაში მიმავალ სამგზავრო მატარებელს შეეჯახა ევანგელიზმოსის რაიონში, ტემპიში (Τέμπη) დაახლ. 23:00 სთ-ზე.

სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით,  38 ადამიანი დაიღუპა, 85 კი დაშავდა. დაშავებულებიდან 53 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 25-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მგზავრების გათავისუფლების სამაშველო სამუშაოები განსაკუთრებით რთულ პირობებში მიმდინარეობს მატარებლების შეჯახების სიძლიერის გამო. პირველი ორი ვაგონის ასაწევად ამწე კრანი გამოიყენეს.

ფოტო: EUROKINISSI/ ΤΖΕΚΑΣ ΛΕΩΝΙΔΑΣ

„საშინელი სია გაიზრდება“, – მწუხარებით აღნიშნა თესალიის რეგიონის გუბერნატორმა კოსტას აგორასტოსმა. არსებული ინფორმაციით, ΟΣΕ-ს ყველა თანამშრომელი – ორივე მატარებლის მემანქანეები და გამცილებლები დაიღუპნენ.

ავარიის მომენტში სამგზავრო მატარებელში დაახლოებით 350 მგზავრი იმყოფებოდა. მატარებლები შეჯახებისას სრული სვლით მიდიოდნენ და ძლიერმა შეჯახებამ ხანძარი გამოიწვია. ხანძარი დაახლოებით 01:30-საათისთვის ჩააქრეს.

გადარჩენილი მგზავრები ავტობუსებით თესალონიკში გადაიყვანეს.

საბერძნეთის პოლიცია და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა გარდაცვლილთა ამოცნობის პროცესი დაიწყეს ლარისის საერთო პროფილის საავადმყოფოში, სადაც დაღუპულთა ცხედრები გადაასვენეს. პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იქვე იმყოფებიან ფსიქოლოგები, რომლებიც კატასტროფის მსხვერპლთა ახლო ნათესავებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უტარებენ.

თესალონიკის პაპანიკოლაუს და გენიმატის საავადმყოფოები, სადაც დამწვრობის განყოფილებებია, სამხედრო მზადყოფნის რეჟიმშია მოყვანილი, ისევე როგორც ატიკის საავადმყოფოები. სამხედრო მზადყოფნის მდგომარეობაში მოიყვანეს თესალიის პირველი არმია და შეიარაღებული ძალები, ათენისა და თესალონიკის სამხედრო ჰოსპიტლები.

შეჯახების მიზეზები და გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

გადარჩენილი მგზავრების პირველი ჩვენებები შოკისმომგვრელია:

„მხოლოდ რკინა დარჩა, წინა ვაგონები დაიწვა. დამუხრუჭება არ ყოფილა. მატარებელი ეგრევე შეეჯახა და რელსებიდან გადავარდა“, – ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

მეორე გადარჩენილი მგზავრის თქმით, ბევრი ადამიანი ალმოდებული ვაგონებიდან გამოსვლას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო და დაიწვა.

„ცოცხალი ბედნიერი შემთხვევითობის გამო დავრჩი, რადგან ჩემი ადგილი მეორე ვაგონში იყო (რომელიც ცეცხლში დაიწვა), მაგრამ საბოლოოდ მეხუთე ვაგონში დაჯექი. თავიდან დავიბენი, მაგრამ შემდეგ ვცადე, დავმშვიდებულიყავი, რათა სხვა მგზავრებს დავხმარებოდი ვაგონიდან გამოღწევაში. ყველა ერთად შევგროვდით, რომ სხვებს დავხმარებოდით. ბევრი უცბად ვერ მიხვდა, რა მოხდა, რადგან ეძინათ. მეც მეძინა, მაგრამ უეცარმა დამუხრუჭებამ გამაღვიძა. მოგვიანებით, როდესაც მივხვდით, რაც მოხდა, ვაგონიდან გამოსვლა ვცადეთ და მოვახერხეთ და როდესაც გამოვედით, ქაოსი დავინახეთ“, – ჰყვება იგი.

2410683175 და  2410683176 – ეს არის ლარისის პოლიციის დეპარტამენტის ტელეფონის ნომრები, რომლებზეც  შეუძლიათ დარეკონ მგზავრების ახლობლებმა თავიანთი ნათესავების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ვინც თესალონიკში უსაფრთხოდ ჩავიდა ან ვინც საავადმყოფოში მოათავსეს.

ნინო ბაჯელიძე

ამავე თემაზე:

მიცოტაკისმა საბერძნეთში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა; კატასტროფის მსხვერპლთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა, 25 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close