თურქეთში მიწისძვრები გრძელდება – დღეს მალათიაში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
თურქეთში დღეს 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი აღმოსავლეთით, მალათიის პროვინციაში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერის ფოკალური სიღრმე 7 კმ იყო. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 69 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს; 29 შენობა დაინგრა.
ბიძგები მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა, მათ შორის, გაზიანთეფშიც.
ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეს უკვე მეექვსე ძლიერი მიწისძვრაა თურქეთში.
6 თებერვალს ქაშრამანმარაშის პროვინციაში 9 საათის ინტერვალით მომხდარ 2 დამანგრეველ, 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრას კატასტროფული შედეგები მოჰყვა. დაღუპულთა რიცხვმა თურქეთსა და მეზობელ სირიაში 50 ათასს გადააჭრაბა. მარტო თურქეთში, ბოლო მონაცემებით, 44 374 ადამიანი დაიღუპა.
გასულ ორშაბათს, 20 თებერვალს ჰათაის პროვინციაში 2 ახალი მიწისძვრა მოხდა – 6,4 და 5,8 მაგნიტუდის. პირველს მსხვერპლი მოჰყვა.
საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ დასრულდა კიდევ ერთი, 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა ნიღდეს პროვინციაში 25 თებერვალს.
ნინო ხოშტარია
მიწისძვრის თემაზე:
რომელ ქვეყნებში შეიძლება განმეორდეს მიწისქვეშა ბიძგები და როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს (ვიდეო)
კომენტარები