თურქეთის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ თურქეთსა და სირიაში, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 4890-ს გადააჭარბა
მორიგი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა თურქეთის ცენტრალურ ნაწილში სამშაბათს. ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) შეფასებით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,6 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ქალაქ გოლბაშისთან იყო. აშშ-ის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მიწისძვრა 5,5 მაგნიტუდით შეაფასა. ორივე მათგანის ცნობით, ბიძგები გრინვიჩის დროით 03:13-სთ-ზე (თურქეთის დროით 06:13 სთ) დაფიქსირდა.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი 7,8 (7.7) მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ 120-ზე მეტი აფთერშოკი დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 4890-ს გადააჭარბა: თურქეთში დაიღუპა 3380-ზე მეტი ადამიანი, სირიაში – 1500-ზე მეტი. დაშავებულია 20 000-ზე მეტი ადამიანი, დაინგრა 6 200-ზე მეტი შენობა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად თურქეთში 8000-მდე ადამიანი გადაარჩინეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრიდან 28 საათის შემდეგ ქალაქ გაზიანთეფის ნიზილის რაიონში დანგრეული შენობიდან ქალი და მისი სამი შვილი ცოცხალი გამოიყვანეს.
ქალაქ დიარბაქირშიც მაშველებმა 20 საათის შემდეგ ნანგრევებიდან 2 ადამიანი გამოიყვანეს ცოცხლად. ერთ-ერთი მათგანი გოგონაა.
მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რასაც ყინვა, თოვლი და წვიმა ართულებს. ნანგრევებიდან ისმის ადამიანების ხმა, რომლებიც შველას ითხოვენ.
თურქეთში დახმარება გაგზავნეს უცხოეთის ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მა და სამხრეთ კორეამ. საქართველომ უკვე გაგზავნა მაშველები და შესაბამისი ტექნიკა მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად.
თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა მოუწოდებს სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას დაუკავშირდნენ და მათი ადგილსამყოფლისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.
ელჩი აცხადებს, რომ საქართველოს პრაქტიკულად ყველა მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია. მისივე თქმით, მიწისძვრამ საქართველოს ორი მოქალაქე იმსხვერპლა.
ნინო ხოშტარია
p. s. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, მიწისძვრასთან დაკავშირებით შექმნილია ცხელი ხაზი:
კომენტარები