ევროპარლამენტმა ბელგიის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე, კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, ორი ევროპარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნის საგანგებო პროცედურა დაიწყო.
სააგენტო „ფრანს-პრესის“ (AFP) ინფორმაციით, საუბარია ევროპარლამენტის ორ დეპუტატზე: იტალიელ ანდრეა კოცოლინოსა და ბელგიელ მარკ ტარაბელაზე, რომლებიც ევროპარლამენტის „სოციალ-დემოკრატების“ ჯგუფს მიეკუთვნებიან.
„დავიწყე საგანგებო პროცედურა ევროპარლამენტის ორი წევრისთვის იმუნიტეტის მოსახსნელად. დაუსჯელები არ დარჩებიან“, – წერს მიკრობლოგ ტვიტერზე ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
Following a request from the Belgian judicial authorities, I have launched an urgent procedure for the waiver of immunity of two Members of the European Parliament.
There will be no impunity. None.
— Roberta Metsola (@EP_President) January 2, 2023
აღსანიშნავია, რომ მანამდე რობერტა მეცოლამ იმუნიტეტი მოუხსნა და მანდატი შეუჩერა ბერძენ ევროპარლამენტარს, ევროპარლამენტის 14-იდან ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს – ევა კაილის, რომელიც ამავე კორუფციულ სკანდალში ფიგურირებს. ევა კაილი 10 დეკემბერს ბელგიელმა სამართალდამცველებმა ბრიუსელში დააკავეს. მას ბრალად ედება კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტური საქმიანობა. მის გარდა გამოძიების ფარგლებში პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი აიყვანა. ჩხრეკის ოპერაციის ფარგლებში 600 ათასი ევროა ნაღდი ფულია ამოღებული.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები