მკვლევართა ჯგუფმა გაშიფრა ხუთი საუკუნის წინანდელი კოდი, რომელშიც საუბარია საღვთო რომის იმპერატორისა და ესპანეთის მეფე კარლ V-ის მკვლელობის ფრანგულ გეგმაზე.
კარლი მე-16 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი კაცი იყო; მართავდა ვრცელ იმპერიას, რომელიც მისი 40-წლიანი მმართველობისას მოიცავდა დასავლეთ ევროპისა და ამერიკის კონტინენტის დიდ ნაწილს.
საფრანგეთის ლორიას ლაბორატორიის მკვლევართა ჯგუფს ექვსი თვე დასჭირდა 1547 წელს შესრულებული წერილის გასაშიფრად, რომელიც იმპერატორმა საფრანგეთში საკუთარ ელჩს მისწერა.
ამ მღელვარე პერიოდში ესპანეთსა და საფრანგეთს შორის ომები და დაძაბულობა იყო; საფრანგეთს იმ დროს ფრანსუა I მართავდა, რენესანსის პერიოდის მმართველი, რომელმაც ლეონარდო და ვინჩი იტალიიდან ჩამოიყვანა.
კარლ V-ის მიერ ჟან სენ-მორისთვის მიწერილი წერილი ქალაქ ნანსის სტანსილასის ბიბლიოთეკის საცავებში საუკუნეების განმავლობაში ჩაიკარგა.
კრიპტოგრაფმა სესილ პიერომ მისი არსებობის შესახებ პირველად 2019 წელს, სადილობისას გაიგო და ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, 2021 წელს მიაკვლია.
წერილი კარლ V-ის ხელმოწერას ატარებს და ერთდროულად იდუმალი და სრულიად გაუგებარი იყო.
მძიმე შრომის შემდეგ პიერომ აღმოაჩინა კარლ V-ის მიერ გამოყენებული 130 სიმბოლოს „განსხვავებული ოჯახები“.
„ერთ სიმბოლოში მთელი სიტყვებია ჩაშიფრული. იმპერატორმა შეცვალა თანხმოვნების შემდეგი ხმოვნები, რაც სავარაუდოდ, არაბულმა შთააგონა“, – ამბობს პიერო.
იმპერატორს, ასევე, გამოყენებული აქვს სიმბოლოები, რომლებიც არაფერს ნიშნავს და მათი მიზანია დააბნიოს ყველა, ვინც წერილის გაშიფვრას შეეცდება.
ივნისში პიერომ ერთი წინადადების ამოკითხვა შეძლო, შემდეგ კი ისტორიკოს კამილ დესენკლოს დახმარებით მთელი კოდი გაშიფრეს.
„ხანგრძლივი და მძიმე სამუშაო იყო, მაგრამ ამად ღირდა“, – ამბობენ მკვლევრები.
გაშიფვრაში მეცნიერებს, ასევე, დაეხმარა ჟან სენ-მორისისგან მიღებული სხვა წერილი, სადაც ადრესატმა ტრანსკრიფციის კოდის ფორმა კიდეზე მიაწერა.
დესენკლოს განცხადებით, მისთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, დიდი პატივი იყო იმ წერილის წაკითხვა, რომლის გაშიფვრაც ხუთი საუკუნის განმავლობაში ვერავინ შეძლო.
მისივე განცხადებით, ეს წერილი ადასტურებს, რომ 1547 წელს, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან სამი წლის შემდეგ, კარლ V-სა და ფრანსუა I-ს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო. მათ მართლაც არაერთხელ ჰქონდათ ერთმანეთის დასუსტების მცდელობა.
რაც არ უნდა იყოს, წერილში საუბარია იმ დროის ჭორზე, რომელიც კარლ V-ის მკვლელობის ფრანგულ გეგმას ეხებოდა.
როგორც ჩანს, ეს ჭორი მონარქს საკმაოდ აშინებდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.
კომენტარები