მსოფლიოპოლიტიკა

აშშ-ის ხელისუფლება გაიყო – რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაიბრუნეს

აშშ-ში 8 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად რესპუბლიკურმა პარტიამ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა. „ბიბისის“ ცნობით, ისინი ამ დროისთვის უკვე გარანტირებულად ფლობენ 218 მანდატს, რაც უმრავლესობისთვის აუცილებელი მინიმუმია. სენატში უმრავლესობა დემოკრატიულმა პარტიამ შეინარჩუნა, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ის ხელისუფლება ისევ გაიყო.

შუალედური არჩევნების ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ტელეკომპანია CBS News-ის დათვლით, სავარაუდოდ, რესპუბლიკური პარტია წარმომადგენელთა პალატაში, რომელშიც 245 ადგილია, 218-იდან 223-მდე მანდატს მიიღებს.

იმ მოლოდინის ფონზე, რომ რესპუბლიკელები ორივე პალატას აიღებდნენ, მათთვის ამ არჩევნების შედეგებს ძალიან წარმატებულს ალბათ ვერ დავარქმევთ.

რესპუბლიკელთა მიერ წარმომადგენელთა პალატაში კონტროლის დაბრუნება მოხდა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების ფონზე, კენჭი იყაროს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. აქვე დავძენთ, რომ ექსპერტთა აზრით, მას გამარჯვება გაცილებით გაუჭირდება რამდენიმე მიზეზის გამო, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია 2021 წლის 6 იანვარს მისი მომხრეების შტურმი კაპიტოლიუმზე, რაზეც ტრამპს თავის მართლება მოუწევს.

აშშ-ის კონგრესის პირველი სხდომა ახალი შემადგენლობით 2023 წლის 3 იანვარს გაიმართება.

წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის პოსტზე დემოკრატ ნენსი პელოსს რესპუბლიკელი კევინ მაკარტი შეცვლის, რომელიც რესპუბლიკური პარტიის რიგითმა წევრებმა პალატის პოტენციურ სპიკერად გუშინ აირჩიეს.

„ამერიკელები ახალი კურსისთვის მზად არიან და პალატაში რესპუბლიკელები მზად არიან, ამ კურსს გაჰყვნენ“, – დაწერა მაკარტიმ ტვიტერზე გუშინ ღამით.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ბაიდენმა მაკარტის მისი პარტიის გამარჯვება მიულოცა და შესთავაზა ერთობლივი მუშაობა შედეგების მისაღწევად ყველა ამერიკელის საკეთილდღეოდ.

წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვებით რესპუბლიკელები შეძლებენ უხელმძღვანელონ საკვანძო კომიტეტებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, საჭირო კანონპროექტების ინიციირება მოახდინონ და დაიწყონ გამოძიება თავად ჯო ბაიდენის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით, რასაც დიდი ხანია გეგმავენ.

ამავდროულად, ქვედა (წარმომადგენელთა) პალატაში რესპუბლიკელების მიერ დამტკიცებული ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან გამოძიება შეიძლება სენატმა დაბლოკოს, სადაც დემოკრატები კვლავ უმრავლესობას ინარჩუნებენ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close