ახლადგახსნილმა შადრევანმა თბილისში 13 წლის გოგონა იმსხვერპლა – რა გახდა ტრაგედიის მიზეზი (ვიდეო)
შადრევანი, რომელიც გუშინ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, დღეს ტრაგედიის მიზეზი გახდა – 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.
ვაკის პარკში თამაშისას თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი კი კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ბავშვების ამოსაყვანად შადრევანში მამაკაცი შევიდა. მან ორი ბავშვი ამოიყვანა, თუმცა მესამე ვერ ამოჰყავდა, რადგანაც დენი ურტყამდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შადრევანში ბავშვების საშველად დედაქალაქის გამწვანების სამსახურის,„ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშომელი შევიდა.
როგორ აღმოჩნდნენ 55-ე სკოლის მოსწავლეები ვაკის პარკში საგაკვეთილო პროცესის დროს, ეს „კურიერთან“ სკოლის დირექტორმა განმარტა. მისი თქმით, მერვე კლასის რამდენიმე მოსწავლე დღეს სკოლაში არ გამოცხადებულა, რის შესახებაც სკოლის ადმინისტრაციამ მშობლებსაც აცნობა.
„თაიმერს“ მოაწოდეს ვიდეომასალა, რომელიც დღეს, ვაკის პარკში ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ერთობიან ბავშები შადრევანში.
საავადმყოფოში რჩება ვაკის პარკში დაშავებული ორი მოზარდი. ერთ-ერთი იაშვილის კლინიკაში გადის მკურნალობას და მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. მეორე კი, „ხეჩინაშვილის“ სახელობის საავადმყოფოდან „ნიუ ჰოსპიტალის“ ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ინტერნეტში ვრცელდება ვაკის პარკში მომხდარი საზარელი ტრაგედიის შედეგად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ვიდეოები.
2021 წელს მარიტა ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა…
ექსპერტები და პოლიცია ვაკის პარკში მდებარე შადრევნის ყველა დეტალს ამოწმებს. სწორედ ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი მთავარ კითხვას, სად იყო ხარვეზი და რატომ იყო მაღალი ძაბვა იმ სივრცეში, სადაც, წესით, ბავშვები უსაფრთხოდ უნდა თამაშობდნენ.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც შადრევანში ბავშვების საშველად შევიდა – მებაღე დევი მეზურნიშვილმა ბავშვების გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა.
კომენტარები