ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთი: პირეოსში მეტრო იხსნება – როგორ გამოიყურება სადგურები

პირეოსის მეტროსადგურების გახსნამდე რამდენიმე დღე დარჩა – პროექტი დამამთავრებელ ფაზაშია.

ბოლო სამი სადგურის გახსნამდე, რომლებიც მესამე ხაზის (ლურჯი) გაგრძელებაა პირეოსამდე, როგორც ამბობენ, მხოლოდ „ბოლო შტრიხებიღა“ დარჩა.

საბერძნეთის მსხვილ პორტში მეტრო მალე ამუშავდება  – ამ დროისთვის უკვე არსებობს სასინჯი მარშრუტები. სამი სადგურის – მანიატიკა, პირეოსი და მუნიციპალური თეატრი – ექსპლუატაცია უახლოეს დღეებში დაიწყება, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ გეორგიოს კარაგიანისმა განაცხადა სატელევიზიო არხ ERT1-ის ეთერში.

თავად მინისტრმა კოსტას კარამანლისმა ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს: „ქვეყნის უმსხვილეს პორტს ქვეყნის უდიდეს აეროპორტს ვუკავშირებთ და პირეოსს ყველაზე თანამედროვე სატრანსპორტო კვანძად ვაქცევთ საბერძნეთში“. ამასთან, მან დასძინა, რომ საზოგადოებრივი ადგილები, რომლებიც დაკეტილი იყო მიმდინარე სამუშაოების გამო, მალე ისევ „დაუბრუნდება ქალაქს“. მან 3 ფოტო გამოაქვეყნა ზედხედით, სადაც სამი ახალი სადგურის ადგილმდებარეობა ჩანს.

მეტროს მესამე ხაზის გაფართოება – „აგია მარინა – პირეოსი“ მოიცავს 7,6 კმ სიგრძის გვირაბს და 6 ახალ თანამედროვე სადგურს, ესენია: აგია (წმინდა) ბარბარე, კორიდალოსი, ნიკეა, მანიატიკა, პირეოსი და მუნიციპალური თეატრი, აგრეთვე, 7 შუალედურ გვირაბს.

პირველი სამი სადგური (აგია ბარბარე, კორიდალოსი, ნიკეა) მიმდინარე წლის 6 ივნისს გაიხსნა, რამდენიმე დღეში კი, როგორც უკვე ვთქვით, გაიხსნება დანარჩენი სამი სადგური – „მანიატიკა“, „პირეოსი“ და „მუნიციპალური თეატრი“.

ვარაუდობენ, რომ მეტროპოლიტენის ახალი ხაზების გახსნის შედეგად მგზავრთა საერთო ნაკადი მეტროში დღეში 132 ათას მგზავრამდე გაიზრდება, რაც მიწისზედა ტრანსპორტის მოძრაობის შემცირებას გამოიწვევს (დაახლოებით 23 000-ით დღე-ღამეში), ხოლო ნახშირორჟანგის გამოფრქვევა დღეში 120 ტონით შემცირდება. ამას გარდა, პორტიდან აეროპორტამდე მგზავრობის საერთო დრო პირეოსის მეტროს ყველა სადგურის გახსნის შემდეგ 50 წუთი იქნება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close