საბერძნეთი: 4 თვის ჩვილი, რომელსაც საკუთრი მამა ახრჩობდა, სიცოცხლისთვის იბრძვის (ვიდეო)
20 წლის მამაკაცი დააკავეს, ბრალს წაუყენებენ გოგონას დედასაც
საბერძნეთში, კიპარისიის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ დასახლებაში (სოფელ აეთოსში) გასულ შაბათს შოკისმომგვრელი დანაშაული მოხდა – წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამა საკუთარ 4 თვის ჩვილს ახრჩობდა, რადგან მისმა ტირილმა შეაწუხა. ამის შესახებ „პროტოთემა“ წერს.
20 წლის ალბანური წარმოშობის მამაკაცი, რომელიც საკუთარი 4 თვის გოგონაზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული, დაკავებულია. ოფიციალურ ჩვენებას იგი დღეს მისცემს. მას ბრალად ედება მკვლელობის მცდელობა და ოჯახური ძალადობა, აგრეთვე, იარაღის და ნარკოტიკების შესახებ კანონის დარღვევა.
დანაშაულის ქრონიკა კი ასეთია: გასულ შაბათს, საღამოს ახალგაზრდა მამაკაცმა ბავშვის დედას დაურეკა, რომელიც ამ დროს მუშაობდა, და უთხრა, რომ ბავშვი ცუდად იყო. როგორც კი ქალი დაბრუნდა, გოგონა მაშინვე ჯერ კიპარისიის აავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი – კალამატის საავადმყოფოში.
ამჟამად ჩვილი კალამატის წმინდა სოფიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმები მის მდგომარეობას უკიდურესად მძიმედ აფასებენ და მისი გადარჩენისთვის იბრძვიან. კლინიკაში შესვლისას ჩვილს აშკარად ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი: აღენიშნებოდა თავის და გულმკერდის სერიოზული ტრავმები, აგრეთვე, დალურჯებები ჰქონდა მთელ სხეულზე, აწუხებდა ნჯღრევის სინდრომი და ემართებოდა კრუნჩხვები, რის გამოც იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს.
ექიმებმა მაშინვე პოლიცია გამოიძახეს და ბავშვის მამა დააკავეს, რომელიც მესინიის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. თავიდან იგი ამბობდა, რომ ბავშვს, რომელიც ტიროდა, ეფერებოდა და ცოტათი აქანავებდა, რომ დაემშვიდებინა.
20 წლის მამაკაცს ბრალად ედება 4 თვის შვილზე ფიზიკური ძალადობა. სამართალდამცველების წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ბავშვს ახრჩობდა და ძლიერად ანჯღრევდა, რომ გაეჩუმებინა. დაკავებულმა პროკურორთან წინასწარ მოსმენაზე სინანული გამოხატა საკუთარი საქციელის გამო და თქვა, რომ არ იცოდა, როგორ „გამკლავებოდა ბავშვის ტირილს“.
დააკავეს ბავშვის დედაც, რომელიც მალე გამოუშვეს, თუმცა დღეს ისიც წარდგება სამართალდამცველთა წინაშე. წყვილს ერთობლივად ბრალად ედებათ იარაღის და ნარკოტიკის უკანონო შენახვა. მათი ბინის ჩხრეკისას პოლიციელებმა პისტოლეტი და მცირე რაოდენობის ჰაშიში აღმოაჩინეს.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები