საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში ავიაკატასტროფა მოხდა: 112-ის გაფრთხილება მოსახლეობას (ვიდეო)

საბერძნეთის ჩრდილოეთში, ქალაქ კავალის აეროპორტიდან 42 კმ-ის დაშორებით სატვირთო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ჩამოვარდნილ თვითმფრინავს – Antonov-12-ს, რომელიც უკრაინაში დაფუძნებული კერძო გადამზიდავი კომპანია Meridian-ის საკუთრება იყო, პოტენციურად სახიფათო 12 ტონა ტვირთი გადაჰქონდა. თვითმფრინავი  მიფრინავდა მარშრუტით – სერბეთი-იორდანია- ბანგლადეში.

Meridian-ის დირექტორმა კვირას დაადასტურა, რომ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი – ეკიპაჟის რვავე წევრი დაღუპა. ყველა მათგანი უკრაინის მოქალაქე იყო.

კომპანიაში ავიაკატასტროფას ტექნიკურ გაუმართაობას უკავშირებენ, რომელიც თვითმფრინავს ჰაერში წარმოექმნა. ავიაკატასტროფამდე პილოტმა ოპერატორს შეატყობინა, რომ 4 ძრავადან ერთმა უმტყუნა და ავარიული დაჯდომის ნებართვა ითხოვა, თუმცა მალევე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა.

112-მა კატასტროფის ადგილის სიახლოვეს, პანაგაიოს მუნიციპალიტეტის ანტიფილიპოსის  და პალეოხორის თემებში (Αντιφιλίππων και Παλαιοχωρίου) მცხოვრებ მოსახლეობას გაფრთხილება გაუგზავნა, რომ სახლის ფანჯრები და კარები დაკეტილი ჰქონდეთ, აგრეთვე, არ ჩართონ კონდიციონერები, რათა  გარეთა ჰაერთან კოტაქტი მინიმუმამდე დაიყვანონ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ტოქსიკურია ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ტვირთი – ადგილზე აღმოჩენილი თეთრი ფხვნილი შეშფოთებას იწვევს. მის კვლევას ბიოლოგიური დაცვის სპეციალისტები აწარმოებენ.

განიხილება ანტიფილიპოსის მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი აფეთქების საფრთხის გამო. აღმოსავლეთ მაკედონიის და თრაკიის რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელის, ქრისტოს მეთიტოსის განცხადებით, ელოდებიან სპეციალისტთა შეფასებას, წარმოადგენს თუ არა საფრთხეს მოსახლეობისათვის სატრანსპორტო თვითმფრინავის ბორტზე არსებული სამხედრო ტვირთი.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close