ტექნოლოგიებიჯანმრთელობა

რატომ „ვსქროლავთ“ დაძინების ნაცვლად?

წარმოიდგინეთ: გრძელი და დამღლელი დღის შემდეგ, როგორც იქნა, თბილ საწოლში წვებით, თუმცა დაძინების ნაცვლად სოციალურ მედიას ათვალიერებთ. რა თქმა უნდა, თავიდან მხოლოდ 10 წუთით აპირებთ ამის გაკეთებას, მაგრამ მოულოდნელად ხვდებით, რომ უკვე საათები გასულა – ამ დროს აცნობიერებთ, როგორ გჭირდებათ ძილი შემდგომი დღისთვის ძალების აღსადგენად, მაგრამ მაინც ვერ წყვეტთ „სქროლვას“.

ცხადია, მეორე დილით დაღლილი იღვიძებთ, სამსახურში ნახევრად მძინარე მიდიხართ და ერთი სული გაქვთ, როდის დაიძინებთ სახლში მისული… და, რა თქმა უნდა, კვლავ იმავეს იმეორებთ იმ დღესვე – ძილს სმარტფონზე ცვლით.

თუ ეს თქვენთვის კარგად ნაცნობი სცენარია, მარტო ნამდვილად არ ხართ. ძილის ფონდი ამ ფენომენს „დაძინების გაჭიანურების შურისძიებას“ უწოდებს. მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის ძილის მსხვერპლად შეწირვის ტენდენცია მათთვის, ვინც თავისუფალი დროის ნაკლებობას განიცდის.

რა უბიძგებს ადამიანებს ფხიზლად ყოფნის და არაფრის კეთების სურვილისკენ?

ადამიანები, რომლებიც თავიანთი დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებენ, პირადი დროის მკვეთრ დეფიციტს განიცდიან. დღესდღეობით იმდენად დატვირთული გრაფიკი და ბევრი საქმე გვაქვს, რომ საკუთარ თავს მცირე შესვენებასაც ვერ ვპატიობთ… ამიტომაც, ძლიერი ლტოლვა არსებობს უწყვეტი პირადი დროისადმი.

ჟურნალისტი დაფნე ლი დაძინების გაჭიანურების შურისძიებას აღწერს, როგორც მის ცხოვრებაზე კონტროლის აღდგენის მცდელობას. თუ დღის უმეტეს ნაწილს სხვისთვის შრომობთ, სხვებისგან ბრძანებებს იღებთ და მათი სურვილების მიხედვით მოქმედებთ, ბუნებრივია, თავისუფლების სურვილი გქონდეთ – სულ მცირე, რამდენიმე წყნარი საათის განმავლობაში, თუნდაც შუაღამით.

ზოგიერთი ადამიანი ამ გრძნობას იმის კეთებით შველის, რაც ხშირად დროის ფუჭ კარგვად ან სიზარმაცედ ითვლება. ამ აქტივობებით ღამის საათებში დაკავებით, როდესაც სამყარო სძინავს, ადამიანები „შურისძიების“ გრძნობას იძენენ და აკონტროლებენ იმას, თუ როგორ ატარებენ დროს.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ერთი მოტივი ამოძრავებს, ამ ფენომენს სხვადასხვა ჯგუფი განსხვავებულად აღიქვამს. მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები დღის უმეტეს ნაწილს სამუშაოსა და ბავშვზე მოვლის დაბალანსების მცდელობაში ატარებენ, შესაბამისად, მათ დიდი სურვილი აქვთ, დროის გარკვეული მონაკვეთი ყოველგვარი ვალდებულებისგან თავისუფლებმა გაატარონ. ბევრი მათგანისთვის ეს მხოლოდ ღამითაა შესაძლებელი, როცა სამუშაო საათები მთავრდება და ბავშვებს სძინავთ.

დაძინების გაჭიანურება თუ უბრალოდ „ღამის ბუ“? 

როდესაც ეს ტერმინი პოპულარული გახდა, ბევრი ადამიანი გაოგნდა, რადგან არც კი იცოდნენ ასეთი ფენომენის არსებობის შესახებ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შენიშვნა კი ასე ჟღერდა: „მეგონა, ბუ ვიყავი“.

ამ ორი ფენომენის ერთმანეთისგან გასარჩევად შედეგებს უნდა დააკვირდეთ. ადამიანები, რომლებიც დაძინებას აჭიანურებენ, ამას თავიანთი ჯანმრთელობისა და შრომის ხარჯზე აკეთებენ. ამას კი ნეგატიური შედეგების გამოწვევა შეუძლია. მეორე მხრივ, „ღამის ბუებს“ ღამით მუშაობა ან უბრალოდ ფხიზლად ყოფნა ურჩევნიათ. ასეთი ადამიანები თავს უფრო კრეატიულებად, პროდუქტიულებად და ბედნიერად გრძნობენ. ყველაზე დიდი განსხვავება ისაა, რომ ღამის ბუებს სულაც არ აქვთ აჯანყების ძლიერი სურვილი.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close