ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

რატომ ვერ დაიცვა ორმა სახელმწიფომ 26 წლის ემიგრანტი ქართველი ქალი გამოცხადებული მკვლელობისგან?

26 წლის როზეტა ყალიჩავა, სავარაუდოდ, ქმრის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი – ექვსი, ოთხი და ორი წლის შვილები დარჩა. მკვლელობა 24 მაისს, საღამოს 10 საათისთვის, პოლონეთის ქალაქ ლოძში, როინას 50 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. ამ ბინაში როზეტა ოჯახთან ერთად გასული წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა.

სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, როზეტამ დახმარება ითხოვა. დახმარების თხოვნით კი მან საქართველოში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას, „საფარს“ მიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ „საფარის“ იურისტმა ქალის გადასარჩენად საქმის კურსში ჩააყენა როგორც საქართველოსა და პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროები, ისე პოლონეთში საქართველოს საელჩო, ქალის დაცვა მაინც ვერ მოხერხდა. 42 წლის ქმარმა, რომელიც ცოლზე სისტემატურად ძალადობდა, 24 მაისს ქალს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

როზეტა პოლონეთში სამ შვილთან, ქმართან, ძმასთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობდა. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, სოფელ დარჩელიდან იყო. რამდენიმე წლის წინ, პოლონეთში სამუშაოდ ჯერ მისი ძმა წავიდა. შემდეგ ქმარი. ერთი წლის წინ კი შვილებთან ერთად ისიც პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად.

სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე – აღდგენილი ქრონოლოგია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: https://www.radiotavisupleba.ge/a/31869960.html

რას წერს პოლონური მედია

თუკი პოლონურ მედიას დავეყრდნობით, 26 წლის როზეტა ყალიჩავა 24 მაისს, სამშაბათს, საღამოს ათი საათისთვის დაჭრა ქმარმა.

პოლიცია როინას 50 ნომერში მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც როზეტას სახლიდან ყვირილის ხმა გაიგეს და მალევე კვამლი შენიშნეს.

როგორც პოლონური ონლაინ მედია პლატფორმა wiadomosci.live წერს, ცეცხლმოკიდებული ბინიდან 26 წლის ქალი და 42 წლის კაცი გამოიყვანეს, რომლებსაც, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები ჰქონდათ სხეულზე. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. კაცის მდგომარეობა მძიმეა და ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

ლოძის რაიონული პროკურატურის პრეს-სპიკერმა კშიშტოფ კოპანიამ 25 მაისს, პოლონურ მედიას უთხრა, რომ შემთხვევის ადგილზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

„წინასწარი მონაცემებით, მოხდა აალებადი ნივთიერების გაჟონვა, რასაც ბინაში ხანძარი მოჰყვა. 26 წლის ქალს, რომელიც ამ მისამართზე ცხოვრობდა, ყელის არეში მიყენებული ჰქონდა ჭრილობები. სამწუხაროდ, ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მისი 42 წლის პარტნიორი კლინიკაში რჩება. მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით არ გვაქვს საშუალება, რომ ის დავკითხოთ“.

პროკურატურის პრეს-სპიკერის განცხადებითვე, გრძელდება მოწმეების გამოკითხვა, რომლებმაც ინციდენტამდე რამდენიმე ხნით ადრე, 42 წლის კაცი დანით ხელში დაინახეს.

როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება როზეტა ყალიჩავას ოჯახის ახლობელი, მას საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი 12 ივნისისთვის ჰქონდა აღებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ გეგმავს, რომ 26 წლის ქალის მკვლელობის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღოს.

(შემოკლებული ვერსია)

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close