ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

პოლონეთში სამუშაოდ წასული ქართველები სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში სამუშაოდ წასული ქართველები გისოსებს მიღმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით აღმოჩნდნენ. პოლონური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ადგილობრივი ქალების მიმართ სქესობრივ დანაშაულში არიან მხილებულნი. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში იდენტიფიცირებულია გაუპატიურების 20 შემთხვევა, საიდანაც ექვსში საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ. ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა პოლიციას დეტალური ჩვენებები მისცეს – ყველაზე პატარა მსხვერპლი 16 წლისაა.

ვარშავის პოლიციაში მსგავსი არაერთი ჩვენება დევს. ყველა საქმეში ხელწერა თითქმის იდენტურია. „ბოლტის“ და „უბერის“ აპლიკაციით გამოძახებულ ტაქსის მძღოლებს მგზავრი დანიშნულების ადგილის ნაცვლად წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მიჰყავდათ, სადაც მათ დანახვას, სავარაუდოდ, ვერავინ შეძლებდა. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამ სქემით მოქმედებდა საქართველოდან პოლონეთში სამუშაოდ წასული ქართველების ერთი ჯგუფი.

ტაქსიში გაუპატიურების ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა აპრილში მოხდა. „რუსთავი2“-მა ექსკლუზიურად გაარკვია საქართველოს დაკავებული მოქალაქეების ვინაობა. ორი მათგანი 25 და 27 წლის მამაკაცები, რუსთავიდან არიან. მათ საცხოვრებელ მისამართზე „კურიერის“ კამერასთან გამოჩენა არ ისურვეს. მეზობლები ადასტურებენ, რომ ახალგაზრდები პოლონეთში სამუშაოდ წავიდნენ.

მოძალადე ტაქსის მძღოლების საქმეზე ერთობლივ გამოძიებას განაგრძობს ვარშავის პოლიცია და პროკურატურა. ქართველების გარდა მრავალტომიან საქმეში ფიგურირებენ ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის მოქალაქეებიც. არ გამორიცხავენ, რომ მალე ბრალდებულთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს. პარალელურად საკითხი აქტუალურია საკანონმდებლო დონეზეც. პოლონეთის სეიმში მემარცხენეების ფრაქციამ უკვე დაარეგისტრირა ინიციატივა, რომელიც სექსუალური ძალადობის ფაქტებზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. ვარშავაში დაკავებული ქართველები ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მალე სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close