რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

რუსი მილიარდერი ნაბახუსევზე გომბეშოს შხამით „მკურნალობას“ შეეწირა

რუსული ნავთობის გიგანტის, „ლუკოილის“ ყოფილი ტოპმენეჯერი, მილიარდერი ალექსანდრ სუბოტინი საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს მოსკოვის მიმდებარე ქალაქ მიტიშჩიში, ადგილობრივი შამანის კერძო სახლის სარდაფში. 

როგორც Telegram-არხი Mash-ი იტყობინება, ბიზნესმენი ნაბახუსევის სინდრომისგან გათავისუფლების რიტუალს შეეწირა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ხარკოველი შამანი მაგუა (ალექსეი პინდურინი) და მისი მეუღლე საკუთარ სახლში არატრადიციული მედიცინის „სამკურნალო“ სეანსებს მსურველებისთვის წლების განმავლობაში მართავენ. ისინი ამ სეანსებისთვის გომბეშოს შხამს და მამლის სისხლს იყენებენ, „სულების დახმარებასთან“ ერთად. მაგალითად, აკეთებენ ნაკვეთ ჭრილობას ადამიანის სხეულზე, აწვეთებენ გომბეშოს შხამს, რაც გულისრევას იწვევს.

წყაროების თანახმად, შამან მაგუას და მის მეუღლეს ალექსანდრ სუბოტინი რეგულარულად სტუმრობდა ნაბახუსევის სინდრომისგან გასათავისუფლებლად და ისინი მას ამ მეთოდით წლების განმავლობაში „მკურნალობდნენ“. ღებინების შემდეგ „პაციენტს“ თავს უკეთ უნდა ეგრძნო, თუმცა ამჯერად პირიქით მოხდა – მდგომარეობა უეცრად დამძიმდა.

შამანმა სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა, მსხვერპლს კორვალოლი მისცა და სარდაფში ჩაიყვანა, სადაც მილიარდერი მოგვიანებით გარდაიცვალა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძახეს სახლის მეპატრონეებმა სასწრაფოც და პოლიციაც.

რუსული არხის, Ren.tv-ს ინფორმაციით, სუბოტინი რამდენიმე დღის განმავლობაში გადაბმულად სვამდა. ბიზნესმენის ცოლი საზღვარგარეთ გაემგზავრა და მეგობრებს ქმრის მოვლა სთხოვა. ამავე გამოცემის თანახმად, მილიარდერის გარდაცვალების მიზეზი  ნაბახუსევის სინდრომით გამოწვეული გულის შეტევა გახდა.

საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, სუბოტინის სიკვდილის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამომძიებლები ასევე ჩაატარებენ ექსპერტიზას მის სისხლში ნარკოტიკების არსებობაზე.

ალექსანდე სუბოტინი, „ლუკოილის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ვალერი სუბოტინის უმცროსი ძმა, „ლუკოილის სავაჭრო სახლის“ გამგეობის წევრი იყო.

ლუკოილში მუშაობის შემდეგ ალექსანდრ სუბოტინი „ახალი სატრანსპორტო კომპანიის“ (NTK) მფლობელი გახდა. უმცროსი სუბოტინი ძალიან მდიდარი ადამიანი იყო, იგი მილიარდებად შეფასებულ ქონებას ფლობდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close