მსოფლიოპოლიტიკა

ამერიკის პრეზიდენტმა ლენდ-ლიზის აქტს ხელი მოაწერა – უკრაინა სამხედრო დახმარებას გამარტივებული და დაჩქარებული წესით მიიღებს

ლენდ-ლიზის აქტი შეიარაღების გამარტივებული წესით მიწოდებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 9 მაისს ვაშინგტონში ხელი მოაწერა ორპარტიულ ინიციატივას, რომელიც აღადგენს მეორე მსოფლიო ომის ლენდ-ლიზის (Lend-Lease) პროგრამას. ეს პროგრამა, რომელმაც თავის დროზე ხელი შეუწყო ნაცისტური გერმანიის დამარცხებას, ამჯერად მიზნად ისახავს აშშ-ის სამხედრო ტექნიკის უკრაინისთვის მიწოდების ხანგრძლივი პროცესის გაიოლებას პუტინის რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად.

„ხელს ვაწერ კანონპროექტს, რაც კიდევ ერთ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც პირდაპირ უჭერს მხარს უკრაინის მთავრობასა და უკრაინელ ხალხს და მათ ბრძოლას საკუთარი ქვეყნისა და დემოკრატიის  დასაცავად პუტინის ომში“, – განაცხადა ბაიდენმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან.

„ბრძოლა იაფი არ არის, მაგრამ აგრესიის მიმართ დათმობა უფრო ძვირი ჯდება“, – დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტი“ შეიარაღების გამარტივებული წესით მიწოდებას უკრაინის გარდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც ითვალისწინებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2022-2023 ფისკალურ წლებში პრეზიდენტს შეუძლია, აშშ-ის მთავრობას ნება დართოს, რომ მან დროებით სარგებლობაში ან იჯარით გადასცეს თავდაცვის საშუალებები უკრაინის მთავრობას ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ, რათა დაეხმაროს მათ თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და საკუთარი სამოქალაქო მოსახლეობის დაცვაში რუსეთის პოტენციური ინტერვენციის ან მიმდინარე აგრესიისგან.

ლენდ-ლიზის აქტის აღდგენის კანონპროექტის ხელმოწერის მომენტში ბაიდენთან ერთად იდგა ორი დემოკრატი და ერთი რესპუბლიკელი სენატორი. აპრილში კანონი ადვილად დამტკიცდა სენატში, წარმომადგენელთა პალატაში კი მისი წინააღმდეგი მხოლოდ 10 რესპუბლიკელი დეპუტატი იყო.

ლენდ-ლიზის აქტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა 1941 წელს დაამტკიცა და მას ხელი პრეზიდენტმა რუზველტმა მოაწერა. მისი მეშვეობით აშშ-ს საშუალება მიეცა, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ქვეყნებისთვის, მათ შორის, საბჭოთა კავშირისთვის რთული ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე გაეწია დახმარება.

გასულ პარასკევს, 6 მაისს ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შეიარაღების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომლის ღირებულება 150 მლნ აშშ დოლარია.

აპრილში ჯო ბაიდენმა კონგრესს 33 მილიარდი დოლარი მოსთხოვა უკრაინის დასახმარებლად. მან თავისი მოთხოვნა 6 მაისსაც გაიმეორა. ამ 33 მილიარდიდან 20 მილიარდი პირდაპირ სამხედრო დახმარებას მოხმარდება.

ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთზე უკრაინის გამარჯვებისთვის აშშ-მა და მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო საშუალებების მიწოდება.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close