ევროკავშირში ინფლაციამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
ბელგიაში, სადაც ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, საყიდლებზე გამოსული მოქალაქეები უკვე გრძნობენ შედეგებს. მათ შეშფოთება ეტყობათ, მაგრამ პანიკას არ არიან აყოლილები.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ გაძვირდა ფქვილი, ზეთი, შაქარი, საწვავი და ძირითადი მოხმარების პროდუქტები. გაძვირდა ქირა. პენსიონერებისთვის კი უფრო მეტად დამძიმდა მდგომარეობა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი კიდევ უფრო გაამწვავებს ევროპაში სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური პლატფორმის“ წარმომადგენელი ჰელენ ვილეტსი ამბობს, რომ საზოგადოება და სხვადასხვა სერვისის მომწოდებლები ავსებენ იმ სიცარიელეს, რომელიც მთავრობებმა დატოვეს. მათი დამსახურებაა, რომ ყველაზე საჭირო მოხმარების ნივთებზეც კი არ შეფერხებულა წვდომა.
იტალიელი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ საცხოვრებელზე, ენერგიაზე, ტრანსპორტსა და საკვებზე მზარდი ფასების გამო საზოგადოებამ სასწრაფოდ უნდა გამოძებნოს საკვებისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროები. მისი აზრით, უნდა გაიზარდოს ხელფასებიც.
ეკონომიკის ექსპერტი დეივიდ რინალდი ვერ ხედავს ამ ვითარებიდან გამოსავალს, თუ არ გაიზრდება ადამიანების მსყიდველუნარიანობა შესაბამისი ხელფასებით.
ამავდროულად, სტრასბურგში ევროპარლამენტარები საუბრობენ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ევროპულ ბიზნესებსა და მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
euronewsgeorgia.com
კომენტარები