უახლოეს დღეებში კიევის შემოგარენში, დიდი ალბათობით, სასტიკი ბრძოლები გაიმართება. ამის შესახებ, როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო სადაზვერვო ანგარიშშია ნათქვამი.
„რუსეთის ძალები აგრძელებენ პოზიციების გამაგრებას კიევის სიახლოვეს აღმოსავლეთით და დასავლეთით, მიუხედავად გარკვეული შეზღუდული რაოდენობის დანაყოფების გაყვანისა. უახლოეს დღეებში ქალაქის მისადგომებთან, როგორც აშკარად ჩანს, მძაფრი ბრძოლები გაიმართება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 31 March 2022
Find out more about the UK government’s response: https://t.co/dESTQT4irj
🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/0NUMTq8nrj
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) March 31, 2022
როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რუსეთის განცხადების მიუხედავად, რომ ჩერნიგოვის გარშემო საომარ მოქმედებებს შეამცირებს, რუსული საარტილერიო თავდასხმა და სარაკეტო დარტყმები გრძელდება.
ამას გარდა, მძიმე ბრძოლები მიდის მარიუპოლში, რომელიც რუსული ჯარის მთავარი სამიზნეა, თუმცა ალყის მიუხედავად ქალაქის ცენტრს უკრაინული დანაყოფები აკონტროლებენ. მარიუპოლში დანგრეულია საცხოვრებელი შენობების 80%, პორტი დანაღმულია. ქალაქში დარჩენილი მცხოვრებლები (არსებული მონაცემებით, 100 000-ზე მეტი ადამიანი) ბლოკადის პირობებში გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებიან – არ აქვთ საჭმელი, მედიკამენტები, ცხოვრების ელემენტარული პირობები.
28 მარტს დამოუკიდებელი რუსული მედიის წარმომადგენლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსებმა მოსახლეობის ნაწილი მარიუპოლიდან რუსეთის მხარეს ძალით გაიყვანეს და ეს ადამიანები მძევლები არიან რუსეთის ხელში. ზელენსკის ინფორმაციით, მათ შორის 2000-მდე ბავშვია მშობლებთან ერთად თუ მათ გარეშე და ამ ბავშვების ბედი და ადგილსამყოფელი უკრაინის მხარისთვის უცნობია. მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მრავლგზის მცდელობისა, მარიუპოლში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა რუსეთის წინააღმდეგობის და სროლის გამო ვერ ხერხდება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები