მსოფლიოპოლიტიკა

აშშ-ის ისტორიაში პირველად – პრეზიდენტის ხელმოწერა დოლარის ბანკნოტებზე გაჩნდება

აშშ-ში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს – აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი (U.S. Department of the Treasury, იგივე ფინანსთა სამინისტრო) გეგმავს, ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელმოწერა მომავალში გამოშვებულ დოლარის ყველა ბანკნოტზე განათავსოს.

ეს იქნება პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც დოლარის ბანკნოტებზე პრეზიდენტის ხელმოწერა განთავსდება – აქამდე მათზე მხოლოდ ხაზინის ოფიციალური პირების ხელმოწერები იყო.

მრავალწლიანი ტრადიციის შეცვლა

ამჟამად აშშ-ის ქაღალდის ფულზე ორი ოფიციალური ხელმოწერაა განთავსებული – ხაზინის მდივნის (ფინანსთა მინისტრი) და ხაზინადრის (Treasurer). ეს სისტემა 1861 წლიდან მოქმედებს და ფულის ავთენტიკურობის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება.

ახალი გადაწყვეტილებით, ტრადიციული სქემა იცვლება: დონალდ ტრამპის ხელმოწერა დაემატება და, სავარაუდოდ, მოიხსნება ხაზინადრის ხელმოწერა, ხოლო ბანკნოტების დიზაინი (პორტრეტები) უცვლელი დარჩება.

მოსალოდნელია, რომ პირველი განახლებული კუპიურები ტრამპის ხელმოწერით 100-დოლარიანები იქნება, რომლებიც 2026 წლის ზაფხულიდან გამოჩნდება. შემდეგ კი პრეზიდენტის ხელმოწერა სხვა ნომინალის კუპიურებზეც განთავსდება.

რატომ ახლა?

ინიციატივა უკავშირდება აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს, რომელიც 2026 წელს აღინიშნება.

ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ეს ნაბიჯი ასახავს „ეკონომიკურ ზრდას, დოლარის მდგრად დომინირებას და ფინანსურ სტაბილურობას“.

თავის მხრივ, ხაზინადარი ბრენდონ ბიჩი ამ გადაწყვეტილების შეფასებაში კიდევ უფრო შორს მიდის და ტრამპს „ამერიკის ეკონომიკური აღორძინების არქიტექტორად“ მოიხსენიებს, ხოლო მისი ხელმოწერის განთავსება არა მარტო „მართებულად, არამედ დამსახურებულადაც“ მიაჩნია.

პოლიტიკა და კრიტიკა – „ამაზრზენი და არაამერიკული“

მიუხედავად ოფიციალური არგუმენტებისა, გადაწყვეტილებამ მწვავე პოლიტიკური რეაქცია გამოიწვია.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს არღვევს სახელმწიფოს სიმბოლოების ნეიტრალობის ტრადიციას და ქმნის პრეცედენტს, როცა მოქმედი პრეზიდენტი საკუთარ ხელმოწერას ამატებს ეროვნულ ვალუტას. ეს შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც პოლიტიკისა და სახელმწიფო სიმბოლიკის შერწყმა.

რატგერსის უნივერსიტეტის მონეტარული და ფინანსური ისტორიის ცენტრის დირექტორი მაიკლ ბორდო მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი უდავოდ პოლიტიკურ წინააღმდეგობას გამოიწვევს; „თუმცა არ ვიცი, გადაკვეთს თუ არა ის რაიმე სამართლებრივ წითელ ხაზს, რადგან ხაზინის მდივანს შეიძლება ჰქონდეს უფლებამოსილება, გადაწყვიტოს, ვისი ხელმოწერა უნდა იყოს განთავსებული ბანკნოტებზე“, – ამბობს იგი.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები მძაფრად აკრიტიკებენ ინიციატივას, „არაამერიკულ ნაბიჯად“ აფასებენ და პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებენ.

დემოკრატმა კონგრესმენმა შონტელ ბრაუნმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ხაზინის დეპარტამენტის გეგმა „ამაზრზენი და არაამერიკულია“.

„ყოველ შემთხვევაში, ეს [ხელმოწერა] შეგვახსენებს, ვის უნდა გადავუხადოთ მადლობა, როდესაც ბენზინში, საქონელსა და სასურსათო პროდუქტებში უფრო მეტს ვიხდით“, – დასძინა მან.

პარალელური დავა – ტრამპის გამოსახულება მონეტებზე

დებატებს იწვევს კიდევ ერთი ინიციატივა, აშშ-ის სახვითი ხელოვნების კომისიის მიერ მხარდაჭერილი პროექტი – ტრამპის გამოსახულებით სამახსოვრო საიუბილეო 24-კარატიანი ოქროს მონეტის გამოშვება.

ამ შემთხვევაში კრიტიკა კიდევ უფრო მწვავეა, რადგან აშშ-ის კანონმდებლობა ზღუდავს ცოცხალი პირების გამოსახვას ვალუტაზე და მსგავსი ნაბიჯი ტრადიციულად მიუღებლად ითვლებოდა. კრიტიკოსებს მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი ჭადრაკში, ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკედ აღიარებული გარი კასპაროვიც შეუერთდა, რომელიც პუტინის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი მოწინააღმდეგეა. იგი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.

„არ არსებობს არანაირი ზღვარი. ეს ტრივიალური მონეტა ტრამპის უკიდურესი თვითგანდიდების სიმბოლოა – იმავე მიდგომის, რომელსაც ის საკუთარ ცხოვრების ყველა ასპექტზე ავრცელებს და ახლა უკვე სახელმწიფო მმართველობაზეც“, – დაწერა კასპაროვმა პლატფორმა X-ზე.

მიუხედავად მძაფრი უარყოფითი რეაქციებისა, ამერიკის შეერთებული შტატების 250 წლის იუბილესთან დაკავშირებული პროექტების ფარგლებში, ასეთი მონეტის გამოშვება მაინც იგეგმება „ძალიან შეზღუდული სერიით“, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი რაოდენობა უცნობია.

პარალელურად აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო ტალღა აგორდა – მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები სახელწოდებით „No Kings“ („არა მეფეებს“). შაბათს, 2026 წლის 28 მარტს გამართულ აქციებში, ორგანიზატორთა შეფასებით, დაახლოებით 8-9 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა, რაც მას აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ერთდღიან პროტესტად აქცევს.

აქციები ერთდროულად გაიმართა 3000-ზე მეტ ადგილას, ყველა შტატში, ყველა დიდ ქალაქში – მათ შორის, ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ლოს-ანჯელესში – და მიმართული იყო იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც დემონსტრანტების ნაწილი „ძალაუფლების კონცენტრაციისა და ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებად“ აფასებს.

ორგანიზატორების თქმით, ისინი აპროტესტებენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას, მათ შორის, ირანში ომს, იმიგრაციის ფედერალური კონტროლის გაძლიერებას და ფასების ზრდას.

„ტრამპს სურს ჩვენი მართვა ტირანის მსგავსად. მაგრამ ეს ამერიკაა და ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის და არა თვითგამოცხადებულ მეფეებს ან მათ მილიარდერ მეგობრებს“, – აცხადებენ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები.

ნიკო აბაშიშვილი

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close