2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა – საქსტატი
ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო ნაკლები ბავშვი იბადება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 37 867 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 19 856 ბიჭია და 18 011 – გოგო. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 1 616-ით ანუ 4,09%-ით ნაკლებია – 2024 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 39 483-ს უდრიდა.
2025 წელს ყველაზე მეტი – 14 334 ბავშვი – თბილისში დაიბადა, ხოლო ყველაზე ცოტა – 191 ბავშვი – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.
საქსტატის ცნობით, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ოჯახში პირველი შვილის წილი 35.9 პროცენტიდან 36.6 პროცენტამდე გაიზარდა, მეორე შვილის წილი შემცირდა და 32.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მესამე და მომდევნო შვილების წილი თითქმის უცვლელი დარჩა – 29.1 პროცენტი.
ამასთან, საქსტატის თანახმად, 2025 წელს ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 23.2 პროცენტიდან 21.9 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.5 პროცენტიდან 70.4 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 40 წლის და უფროსი ასაკის დედების წილი – 7.3 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე.
ბავშვის გაჩენისას იმ დედების საშუალო ასაკი, რომელთაც 2025 წელს პირველი შვილი შეეძინათ, 27.4 წელი იყო.
საქსტატის მონაცემებით, ბოლო 11 წლის სურათი ასეთია:
- 2025 წელს – 37 867 ბავშვი დაიბადა;
- 2024 წელს – 39 483 ბავშვი;
- 2023 წელს – 40 214 ბავშვი;
- 2022 წელს – 42 301 ბავშვი;
- 2021 წელს – 45 946 ბავშვი;
- 2020 წელს – 46 520 ბავშვი
- 2019 წელს – 48 296 ბავშვი;
- 2018 წელს – 51 138 ბავშვი;
- 2017 წელს – 53 293 ბავშვი;
- 2016 წელს – 56 569 ბავშვი;
- 2015 წელს – 59 249 ბავშვი.
ბოლო ათწლეულის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში შობადობა სტაბილურად კლებად ტენდენციას ინარჩუნებს. 2015 წელს 59 249 ახალშობილიდან მაჩვენებელი 2025 წლისთვის 37 867-მდე შემცირდა, რაც დაახლოებით 36.1%-იან კლებას ნიშნავს. ეს დინამიკა მიუთითებს არა დროებით მერყეობაზე, არამედ უფრო ღრმა, სტრუქტურულ დემოგრაფიულ ცვლილებაზე, რომელიც, სავარაუდოდ, უკავშირდება როგორც სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს, ისე მიგრაციულ პროცესებსა და მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილებას.
ნინო ხოშტარია



