ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

ირანში აიათოლა ჰამენეის მემკვიდრე აირჩიეს – ტრამპი: „ჩემი თანხმობის გარეშე არჩეული ლიდერი დიდხანს ვერ გაძლებს“ (ვიდეო)

თეირანში ნავთობბაზებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ ქალაქს შავი კვამლი გადაეფარა, დაღვრილი ნავთობი კი ცეცხლის მდინარეებად იქცა. ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ნატოს სარაკეტო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა, ნავთობის ფასმა 107 დოლარს მიაღწია

სტატია განახლებულია 10 მარტს, 11:00 სთ-ზე.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. ირანზე და ირანის საპასუხო დარტყმები გრძელდება, ისმის აფეთქებების ხმა, იწვის ინფრასტრუქტურა, იზრდება ნგრევა და დაზარალებულთა რაოდენობა. სამხედრო დაპირისპირების გამო იზრდება ადამიანური მსხვერპლიც არა მარტო ირანში, სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებშიც.

„სიენენის“ ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებიდან დაიღუპა 1700-ზე მეტი ადამიანი, 1000-ზე მეტი კი დაშავდა.

კონფლიქტის პარალელურად უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია გამწვავდა ევროპაშიც. ბოლო დღეებში რამდენიმე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა, რომელთა სამიზნედ, ძირითადად, ისრაელისა და აშშ-ის ინფრასტრუქტურა და ინსტიტუციები იქცა. უსაფრთხოების ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კონფლიქტის გაგრძელებასთან ერთად მსგავსი თავდასხმების რისკი კიდევ უფრო გაიზარდოს.

ახალი სულიერი ლიდერი და ტრამპის გაფრთხილება

ირანში 8 მარტს ახალი სულიერი ლიდერი აირჩიეს. ქვეყნის უმაღლესი სასულიერო ორგანოს გადაწყვეტილებით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი გახდა 56 წლის მოჯთაბა ჰამენეი, გარდაცვლილი ლიდერის – ალი ჰამენეის ვაჟი. ეს ნიშნავს, რომ ირანის ხელისუფლება კვლავ მკაცრი ხაზის მომხრეთა ხელში დარჩა. მოჯთაბა ჰამენეის არჩევა ისტორიული მოვლენაა: 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ხელისუფლება, პრაქტიკულად, მემკვიდრეობით გადავიდა.

ირანის მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, უზენაესი ლიდერი უნდა აირჩიოს სპეციალურმა ორგანომ – ექსპერტთა ასამბლეამ. ეს არის 88 წევრისგან შემდგარი სასულიერო საბჭო, რომელიც ფორმალურად ირჩევს, აკონტროლებს და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია გაათავისუფლოს კიდეც ქვეყნის უზენაესი სულიერი ლიდერი.

კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის ჩანაწერი, რომ აკრძალულია ლიდერის შვილი გახდეს მისი შემცვლელი, თუმცა არც მემკვიდრეობითობას უშვებს. სწორედ ამიტომ, ძალაუფლების მამიდან შვილზე გადასვლას ბევრი კონსტიტუციის სულისკვეთების დარღვევად მიიჩნევს.

საქმე ისაა, რომ ირანის პოლიტიკური სისტემა ოფიციალურად არის ისლამური რესპუბლიკა და არა მონარქია, ამიტომ უზენაესი ლიდერი უნდა იყოს არჩეული მისი რელიგიური ავტორიტეტისა და პოლიტიკური უნარების მიხედვით.

მემკვიდრეობითობა ეწინააღმდეგება 1979 წლის რევოლუციის მთავარ იდეას – მონარქიის დასრულებას. თანაც მოჯთაბა ჰამენეის არ აქვს უმაღლესი სასულიერო წოდება – აიათოლა არ არის, თუმცა ამ წოდებას ალბათ პოსტფაქტუმ მალე მიანიჭებენ.

სხვათა შორის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოჯთაბა ჰამენეიც დაიჭრა 28 თებერვლის დილით განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას, მაგრამ გადარჩა. მისი მეუღლე – ზაჰრა ჰადად ადელი კი დაიღუპა, ისევე როგორც თავად ალი ჰამენეის მეუღლე (თუმცა 12 მარტს ირანულმა საინფორმაციო სააგენტო „ფარსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მანსურე ხოჯასტე ბაღერზადე ცოცხალია და ადრინდელი ინფორმაცია მცდარია). მოჯთაბა ჰამენეის დაჭრის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით ირანის მხარემაც დაადასტურა. მათი ცნობით, ახალი ლიდერი თავს კარგად გრძნობს და უსაფრთხოდაა. მას ირანის მოსახლეობისთვის ჯერ სიტყვით არ მიუმართავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოჯთაბა ჰამენეის არჩევით „უკმაყოფილოა“. მან წინა დღეებში ახალი სულიერი ლიდერის არჩევასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ირანის ახალი ლიდერი „დიდხანს ვერ გაძლებს“, თუ მას ვაშინგტონის მხარდაჭერა არ ექნება. მისი თქმით, ირანის მომავალი ლიდერი „აშშ-ის თანხმობას უნდა იღებდეს“, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონში დაპირისპირება გაგრძელდება.

ეს განცხადება ირანში ქვეყნის შინაურ საქმეებში პირდაპირი ჩარევის მცდელობად აღიქვეს, ხოლო დასავლეთის ქვეყნების ნაწილის ლიდერებმა მას რეგიონში რეჟიმის შეცვლის პოლიტიკის გაგრძელება უწოდეს.

მოჯთაბა ჰამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცეს სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავ მხარს უჭერს თეირანს.

ამავე დროს, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი გაფრთხილების მიუხედავად ირანი „პროვოკაციულ ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს“, რაც თურქეთთან მეგობრობას საფრთხეს უქმნის.

წინა კვირაში თურქეთის მიმართულებით ნასროლი კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა ამერიკული სამხედრო ხომალდიდან გაანეიტრალეს.

10 მარტს ცნობილი გახდა, რომ ირანის ახალ ლიდერს მოჯთაბა ჰამენეის ოფიციალური მილოცვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც გაუგზავნა:

„საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. ირანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია მილოცვაში.

შავი წვიმა და ცეცხლის მდინარეები თეირანში – ნავთობბაზების დაბომბვა

სამხედრო მოქმედებები – საჰაერო თავდასხმები გრძელდება. ისრაელის ავიაციამ თეირანის მახლობლად რამდენიმე მსხვილ ნავთობსაცავსა და საწვავის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა. დარტყმების შემდეგ ქალაქის თავზე ცა საათობით შავი კვამლით დაიფარა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ზოგიერთ რაიონში ციდან შავი ნალექი – ნავთობის წვის პროდუქტების ნარევი – მოდიოდა. მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევდნენ.

ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ღამით „ცეცხლის მდინარეებს“ ჰგავდა საწვავის საცავებიდან გადმოსული ნავთობის ცეცხლოვანი ნაკადები.

ეს შეტევა ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ იერიშად მიიჩნევა მიმდინარე ომის განმავლობაში.

შეტევები რეგიონში – სპარსეთის ყურიდან ევროპამდე

  • აზერბაიჯანის უსაფრთხოების ძალებმა განაცხადეს, რომ აღკვეთეს ტერაქტის მცდელობა ბაქო‑თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე – ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ მარშრუტზე, რომლის საშუალებითაც კასპიის ნავთობი ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე გადააქვთ. მისი გამტარუნარიანობა არის 1,2 მლნ ბარელი ნავთობი დღეში.
  • არაბეთის გაერთიანებული საამიროები აცხადებს, რომ ირანული წარმოშობის დრონებმა და რაკეტებმა ქვეყანაში რამდენიმე სამხედრო და ინფრასტრუქტურული ობიექტი დააზიანა.
  • ერრიადი, საუდის არაბეთი – საცხოვრებელ უბანზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი და რამდენიმე დაშავდა.
  • ბაჰრეინში სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Bapco-ს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ირანის სარაკეტო დარტყმის შემდეგ მუშაობის ფორსმაჟორულ რეჟიმზე გადავიდა.

ირანის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შემდეგ მკვეთრი განცხადება გააკეთა კატარის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-თანიმ. მისი თქმით, ირანის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე განხორციელებული შეტევები „სერიოზული და სახიფათო შეცდომაა“ და მოვლენების ესკალაცია არა მხოლოდ რეგიონულ უსაფრთხოებას, არამედ მსოფლიო ეკონომიკასაც საფრთხეს უქმნის:

„ირანის არასწორმა გათვლამ შეიძლება ყველაფერი გაანადგუროს“.

უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია გამწვავდა ევროპაშიც.

  • ოსლოში (ნორვეგია) აფეთქება მოხდა აშშ-ის საელჩოსთან.
  • ლიეჟი, ბელგია — აფეთქება მოხდა სინაგოგასთან, გამოძიება ტერაქტის შესაძლო მცდელობის საქმეზე დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა

ევროპის რამდენიმე ქალაქში ანტისემიტური და ანტიირანული დაპირისპირებაც გაძლიერდა.

ჰორმუზის სრუტე და ნავთობის ფასი

გლობალური ეკონომიკისთვის ყველაზე სერიოზულ რისკად რჩება ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რომლის გავლით მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადააქვთ. სრუტის გავლით ხდება, აგრეთვე, გათხევადებული გაზის და სასუქის (უმეტესად აზოტის შემცველის) გადაზიდვაც.

კონფლიქტის დაწყების შემდეგ ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა – 9 მარტისთვის ერთ ბარელზე 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 100 დოლარს (ორშაბათ დილით მისი ფასი დაახლოებით 107 დოლარი იყო).

სპეციალისტთა შეფასებით, თუ სრუტე მარტის ბოლომდე დაკეტილი დარჩება, ნავთობის ფასმა შესაძლოა რეკორდი დაამყაროს და 150 დოლარს გადააჭარბოს.

საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანია „არამკოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ამინ ნასერმა განაცხადა, რომ სრუტის დაკეტვის გაგრძელების შემთხვევაში ნავთობის ბაზრებზე გავლენა შესაძლოა „კატასტროფული“ იყოს. მისი თქმით, შეფერხებები წარსულშიც ყოფილა, თუმცა დღევანდელი კრიზისი „რეგიონის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისთვის ყველაზე დიდია“.

დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები მზად არიან, ყველა ზომას მიმართონ, მათ შორის, გამოიყენონ სტრატეგიული მარაგები, რათა ენერგომატარებლების მიწოდება უზრუნველყონ. ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციაზე, მის გავლენაზე რეგიონულ სტაბილურობაზე, გლობალურ ეკონომიკურ პირობებსა და ფინანსურ ბაზრებზე, აგრეთვე, უსაფრთხო სავაჭრო გზების მნიშვნელობაზე 9 მარტს ამ ქვეყნების ფინანსთა მინისტრების ვირტუალური შეხვედრისას იმსჯელეს.

G7-ში შედიან: აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, იტალია, კანადა და საფრანგეთი. ჯგუფის შეხვედრებში რეგულარულად მონაწილეობს ევროკავშირიც, თუმცა ოფიციალურად მას ცალკე წევრის სტატუსი არ აქვს.

შესაძლებელია თუ არა ვითარების განმუხტვა

ირანის მხარე აცხადებს, რომ სანამ ქვეყანა საჰაერო თავდასხმების ქვეშაა, მოლაპარაკებების ინტერესი არ აქვთ. თავის მხრივ, ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები არ იქნება, რადგან ირანმა დააგვიანა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივ ოპერაციას – „ეპიკურ მრისხანებას“ „ეპიკურ შეცდომას“ უწოდებს და აცხადებს, რომ ირანს „ბევრი სიურპრიზი აქვს მომზადებული“.

„ოპერაცია „ეპიკური შეცდომის“ დაწყებიდან ცხრა დღეში ნავთობის ფასები გაორმაგდა, ხოლო ყველა სხვა საქონლის ფასი მკვეთრად იზრდება. ჩვენ ვიცით, რომ აშშ გეგმავს შეთქმულებას ჩვენი ნავთობისა და ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ იმ იმედით, რომ უზარმაზარი ინფლაციური შოკის შეკავებას შეძლებს. ირანი სრულად მზად არის და ჩვენც ბევრი სიურპრიზი გვაქვს მომზადებული“, – წერს არაღჩი სოციალურ ქსელში.

ექსპერტების შეფასებით, ახლო აღმოსავლეთი ახლა ყველაზე სახიფათო ფაზაშია ბოლო ათწლეულების მანძილზე. საერთაშორისო საზოგადოების მთავარი კითხვაა, შეძლებენ თუ არა რეგიონული და გლობალური ძალები ესკალაციის შეჩერებას, სანამ დაპირისპირება კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს.

ნიკო აბაშიშვილი

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close