მსოფლიოპოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს: ანტიტერორისტული მზადყოფნა და PATRIOT-ის განთავსება კარპათოსზე

საბერძნეთის უსაფრთხოების ყველა სამსახური ამჟამად წითელი განგაშის რეჟიმშია

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციის ფონზე საბერძნეთმა გაამკაცრა შიდა უსაფრთხოების ზომები და გააძლიერა საჰაერო თავდაცვა. ბერძნული მედიის, მათ შორის, CNN Greece-ის ინფორმაციით, ხელისუფლება მოქმედებს როგორც პრევენციული ანტიტერორისტული, ისე სამხედრო შეკავების სტრატეგიით. ამოქმედდა EYP-ის, ასევე, ანტიტერორისტული და ორგანიზებული დანაშაულის სამსახურების მთელი საინფორმაციო ქსელი. ეროვნული დაზვერვის თანამშრომლები პირდაპირ კავშირში არიან ევროპაში არსებულ ყველა შესაბამის სამსახურთან, აგრეთვე, თანამშრომლობენ ამერიკულ და ისრაელის საიდუმლო სამსახურებთან.

50 პოტენციური სამიზნის უსაფრთხოების დაცვა

Hellenic Police-მა და ეროვნული დაზვერვის სამსახურმა (EYP) ერთობლივად შეიმუშავეს სპეციალური გეგმა, რომელიც მოიცავს დაახლოებით 50 პოტენციური სამიზნის დაცვას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სიაში შედის: 10 დიპლომატიური მისია (მათ შორის, აშშ-ისა და ისრაელის საელჩოები); აშშ-სა და ისრაელთან დაკავშირებული კომპანიები და ინფრასტრუქტურა, სინაგოგები, სასწავლო დაწესებულებები, სასტუმროები და სხვა კომერციული ობიექტები; სტრატეგიული ზონები ათენში, კრეტაზე, როდოსსა და კიკლადის კუნძულებზე, სადაც ინვესტორებმა ისრაელიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს, განსაკუთრებით სტუმარმასპინძლობის სექტორში.

სამართალდამცავ სტრუქტურებში არ გამორიცხავენ საფრთხეს როგორც მარტო, ინდივიდუალურად მოქმედი პირების, ისე შიდა რადიკალური ქსელების მხრიდან. პოლიციის წარმომადგენელთა შეფასებით, წლების შემდეგ პირველად განიხილება სცენარი, როდესაც რეგიონული კონფლიქტის უსაფრთხოების რისკი შესაძლოა საბერძნეთს პირდაპირ შეეხოს.

აეროპორტებსა და სასაზღვრო პუნქტებში მოქმედებს უსაფრთხოების წითელი დონე. მთავარი აეროპორტები გადაყვანილია მაღალი მზადყოფნის რეჟიმზე: გაძლიერებულია მიზნობრივი შემოწმება, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა პარტნიორ ქვეყნებთან და საზღვრის კონტროლი.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კრეტაზე მდებარე Souda Bay-ს სამხედრო ზონას, სადაც განთავსებულია ამერიკული საავიაციო და საზღვაო ინფრასტრუქტურა. ვრცელდება ინფორმაცია სუდის ბაზის გაძლიერებაზე Patriot-ის დამატებითი კომპლექსით.

სამხედრო განზომილება: PATRIOT-ის განთავსება კარპათოსზე

შიდა უსაფრთხოების ზომებთან ერთად, ათენმა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაც გადაწყვიტა. მედიის ცნობით, საბერძნეთმა 3 მარტს დაიწყო Patriot-ის სისტემის ბატარეების გადატანა კუნძულ Karpathos-ზე, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა აქვს კრეტასა და კვიპროსს შორის, ეგეოსის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

არქივის ფოტო: ΑΠΕ-ΜΠΕ

MIM-104 Patriot წარმოადგენს გრძელრადიუსიან საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელსაც შეუძლია თვითმფრინავების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების განეიტრალება. მისი კარპათოსზე განთავსება აფართოებს რადარული კონტროლის ზონას სამხრეთ-აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით.

ამასთან ერთად, სამხრეთ-აღმოსავლეთით ეგეოსის ზღვაში გაძლიერებულია საჰაერო და საზღვაო კონტროლი. კვირპოსის რაიონში საბერძნეთმა სამხედრო-საზღვაო ძალების ორი ფრეგატა და F-16 ტიპის 4 ავიაგამანადგურებელი გაგზავნა.

მედიის ინფორმაციით, კვიპროსში დღეს დილით ჩავიდა ორი ბერძნული ფრეგატა – „კიმონი“ და „პსარა“ (ΚΙΜΩΝ και ΨΑΡΑ).

„კიმონის“ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებთან და F-16-ების საჰაერო დაფარვასთან ერთად, ფრეგატა „ფსარას“ რეგიონში ყოფნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მასზე განთავსებულია საბერძნეთში შემუშავებული ელექტრონული საბრძოლო სისტემა „კენტავროსი“ («Κένταυρος»), რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების განეიტრალებისთვისაა განკუთვნილი.

ეს ნაბიჯები განიხილება, როგორც პრევენციული თავდაცვითი ზომები და არა საბრძოლო ოპერაციებში უშუალო ჩართულობა.

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენდიასმა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა ვალდებულია დაიცვას საკუთარი და პარტნიორების სტრატეგიული ინტერესები.

შეგახსენებთ, რომ 2 მარტს, ღამით და დღისით, კვიპროსზე, აკროტირის ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე ირანული „შაჰედებით“ 2-ჯერ განხორციელდა შეტევა, რის გამოც ბაზიდან პერსონალი გაიყვანეს. დრონებით შეტევის საფრთხის გამო მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა ქალაქ პაფოსის აეროპორტიდან, რომელიც აკროტირის ბაზიდან 60 კმ-ში მდებარეობს. ბრიტანეთმა კვიპროსის რაიონში დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის ფლაგმანი, DDG HMS Dragon-ი გაგზავნა (ე. წ. „ესმინეცი“, რომელიც წყალქვეშა ნავებთან, მფრინავ აპარატებთან – მათ შორის, რაკეტებთან – და სამხედრო ხომალდებთან საბრძოლველად, აგრეთვე, თავდაცვისთვის არის განკუთვნილი. მათი გამოყენება შესაძლებელია დაზვერვითი მიზნებისთვისაც).

ფართო კონტექსტი

ათენის მოქმედებები ორ პარალელურ მიზანს ისახავს:

  1. შიდა უსაფრთხოების მაქსიმალური კონტროლი შესაძლო ტერორისტული საფრთხის პირობებში;
  2. საჰაერო და საზღვაო თავდაცვის გაძლიერება რეგიონული არასტაბილურობის შესაკავებლად.

საბერძნეთი, როგორც ნატოსა და ევროკავშირის სამხრეთ-აღმოსავლეთი ფრთის ქვეყანა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი ესკალაციის პირობებში ერთდროულად ზრუნავს როგორც შიდა უსაფრთხოების განმტკიცებაზე, ისე რეგიონული სტაბილურობის დაცვაზე.

ნიკო აბაშიშვილი

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close