მსოფლიოამინდი

რეკორდული წვიმები და მასშტაბური წყალდიდობა: საფრანგეთი ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მეტეოროლოგიურ კრიზისს ებრძვის

საფრანგეთი ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ჰიდრომეტეოროლოგიურ კრიზისს განიცდის – გადაუღებელი წვიმები ზედიზედ 35 დღის განმავლობაში, რაც 1959 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. მონაცემებს ადასტურებს ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური – Météo‑France.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა ქვეყნის დასავლეთსა და სამხრეთ-დასავლეთში. ოთხი დეპარტამენტი – ჟირონდი, ლო‑ე‑გარონი, მენ‑ე‑ლუარი და შარანტ‑მარიტიმი – კვლავ „წითელი“ საფრთხის დონეზე რჩება, რაც სიცოცხლისა და ინფრასტრუქტურისთვის კრიტიკულ რისკს ნიშნავს. დამატებით, დაახლოებით ათამდე რეგიონში მოქმედებს „ნარინჯისფერი“ გაფრთხილება ძლიერი ქარის, სანაპირო ტალღებისა და დატბორვის საფრთხის გამო.

მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა – ქალაქები საგანგებო რეჟიმში

სპეციალისტების შეფასებით, ნიადაგის ტენიანობის დონე ახლა რეკორდულად გაზრდილია – ყველაზე მაღალი 1959 წლის შემდეგ. ნიადაგი, ფაქტობრივად, ვეღარ იწოვს წყალს, რის გამოც ახალი ნალექი პირდაპირ მდინარეებსა და წყალსაცავებში ჩაედინება. ამის გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და სასოფლო-სამეურნეო მიწები, გზები და საცხოვრებელი უბნები დატბორა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქალაქ ბორდოში, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყალდიდობის საწინააღმდეგო საგანგებო გეგმა გაააქტიურა – დაიხურა სანაპირო ბაზრები, დაიკეტა სკოლები და ბაღები, გაიხსნა დროებითი თავშესაფრები უსახლკაროებისა და ევაკუირებული მოსახლეობისთვის.

სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა შტორმმა „პედრომ“, რომელიც უკვე წყლით გაჯერებულ გარემოს დაემატა და ჰიდროლოგიურ სისტემებზე ზეწოლა გაზარდა. მეტეოროლოგები პროგნოზირებენ, რომ ძლიერი წვიმები და შტორმული ქარი გაგრძელდება და წყლის დონე კიდევ უფრო მოიმატებს.

დაკარგული ადამიანი და სამაშველო ოპერაციები

სამაშველო სამსახური მუშაობას აგრძელებს რამდენიმე კრიზისულ ზონაში. დრამატული შემთხვევა მოხდა ქალაქ შალონ‑სიურ‑ლუარის მახლობლად, სადაც 53 წლის მამაკაცი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც მისი კანოე ადიდებულ მდინარეში გადაბრუნდა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ზოგიერთ რეგიონში წყალდიდობამ ათასობით სახლი დააზიანა, შეაფერხა სარკინიგზო და საგზაო მოძრაობა, ათასობით ოჯახი ენერგომომარაგების პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. უკვე ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კრიზისი ბოლო ათწლეულებში

სპეციალისტების თქმით, ამჟამინდელი გადაუღებელი წვიმები საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მეტეოროლოგიურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. კლიმატოლოგები მოვლენას უკავშირებენ ატმოსფერულ მდინარეებს – ტენით გაჯერებულ ჰაერის მასებს, რომლებიც ატლანტიკისა და ტროპიკული რეგიონებიდან ევროპისკენ გადაადგილდება. ექსპერტების შეფასებით, კლიმატის ცვლილება ზრდის ძლიერი ნალექების ინტენსივობას, რის გამოც წყალდიდობის რისკი მნიშვნელოვნად მატულობს.

საფრანგეთის ხელისუფლება მოსახლეობის დაცვის ზომებს აძლიერებს – მიმდინარეობს ევაკუაციის გეგმების მომზადება და წყალმოვარდნის მონიტორინგი, ტარდება სამუშაოები ინფრასტრუქტურის დასაცავად. მთავარი მიზანი ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება და ეკონომიკური ზიანის შემცირებაა.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close