ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 2-8 თებერვალი

თებერვლის დასაწყისში ვენერასა და მერკურს შორის ასპექტები შესაფერის ატმოსფეროს ქმნის გულწრფელი საუბრებისთვის, ოჯახური ტრადიციების განმტკიცებისა და საქმიანი აქტივობისთვის. 2–დან 8 თებერვლის ჩათვლით კვირა იდეალურია ოჯახსა და სამსახურში ჰარმონიის დასამყარებლად. ეს კვირა საშუალებას გაძლევთ, ოჯახის მხარდაჭერა იგრძნოთ, გააცნობიეროთ თქვენი იდეები და იპოვოთ სწორი ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. მთავარია, მომავალს ოპტიმიზმით შეხედოთ და ახალი გამოცდილებისთვის მოემზადოთ.
ამ კვირაში ცაზე ორი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ჩამოყალიბდება. 5 თებერვალს მერკური-ურანის კვადრატს შეიძლება დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს, უპირველეს ყოვლისა, ინტელექტუალურ აქტივობასა და ნერვულ სისტემაზე. ნეიროფსიქიკური რეაქციები შეიძლება ძალიან არასტაბილური გახდეს, განწყობის ხშირი და მკვეთრი ცვალებადობით.
ამ ასპექტის დროს უმჯობესია თავი აარიდოთ ახალი ნაცნობობის დაწყებას ან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში მონაწილეობას. ადამიანებს შორის ურთიერთობები შეიძლება იმპულსური და უკიდურესად მერყევი გახდეს. იზრდება უეცარი კამათისა და დაშორების ალბათობა და, საერთო ჯამში, მთელი ეს კვირა პოტენციურად ქაოსური ჩანს, გაუთვალისწინებელი მოვლენების მომატებული რისკით. ასევე, იზრდება ყველა სახის ტრანსპორტის ტექნიკური ავარიების, აგრეთვე, ელექტროსადგურებსა და ელექტროქსელებში გაუმართაობის ალბათობა; კომუნიკაციები ფერხდება.
8 თებერვალს ვენერა-ურანის კვადრატი აქტიურდება – ვენერამ, სიყვარულის პლანეტამ, ურანთან დაძაბულ ასპექტში შეიძლება სიყვარულის უეცარი აფეთქება გამოიწვიოს. ეს შესაძლოა მოულოდნელი გატაცების სახით გამოვლინდეს. ამგვარი ემოციური იმპულსის ენერგია, როგორც წესი, ხანმოკლეა და სწრაფად ქრება. თუ ადამიანს ამ ასპექტამდე ერთი დღით ადრე სტაბილური სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, ამ ასპექტმა შეიძლება მის გრძნობებში ქაოსი და დაბნეულობა შეიტანოს.
მარტოხელებისთვის ეს ასპექტი შეიძლება ხანმოკლე რომანებსა და ფლირტს ნიშნავდეს სერიოზული შედეგების გარეშე. ვარსკვლავები გვირჩევენ, ამ დღეებში ემოციები დავიცხროთ. ასევე მნიშვნელოვანია თავი შევიკავოთ დიდი შენაძენებისგან – ამ ასპექტის ზეგავლენით გადაწყვეტილებები შეიძლება იმპულსური გახდეს.
ვერძი
ამ კვირაში ყურადღებით შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და შეეცადეთ, ენერგია არ დახარჯოთ იმ ამოცანებზე, რომელთა განხორციელებაც შეუძლებელია. კვირის პირველ ნახევარში მოგიწევთ გუნდთან ერთად მუშაობა, რაც შეიძლება თქვენს გეგმებს ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ იმედგაცრუებული არ დარჩებით. მიეცით გონებას საშუალება, სძლიოს ემოციებს და ნახავთ, რომ წარმატებას მხოლოდ მიმდინარე მოვლენების მშვიდი ანალიზი მოგიტანთ.
პირად ცხოვრებაში იზრდება გულწრფელი დიალოგის საჭიროება – არასწორმა კომუნიკაციამ შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს. ფინანსურ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, მით უფრო, კვირის შუა პერიოდში.
სასიკეთო დღეები: 5, 8.
არასასიკეთო დღე: 2.
კურო
ეს კვირა სავსეა სიურპრიზებითა და მოულოდნელი შესაძლებლობებით. მოსალოდნელია შემოგთავაზონ ტრენინგი ახალ პროფესიაში. თუ თქვენს ენერგიას ამ კუთხით მიმართავთ, წარმატება გარანტირებულია. ოთხშაბათს უმჯობესია თავი აარიდოთ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას. შეეცადეთ, შეამციროთ ამბიციები და თქვენი ინტუიცია მიგანიშნებთ, ვის შეგიძლიათ ენდოთ.
შაბათ-კვირას შესაძლებელია მნიშვნელოვანი საუბრები ნათესავებთან.
სასიკეთო დღეები: 3, 7.
არასასიკეთო დღე: 4.
ტყუპი
ამ კვირაში შეგიძლიათ ელოდოთ შემოქმედებით აღმავლობას და პრობლემების მოულოდნელად წარმატებით გადაჭრათ. ცოტა ნერვიულობთ, მაგრამ ნუ მისცემთ თქვენს ემოციებს უფლებას, თქვენი ქმედება შეცვალონ, მით უმეტეს, რომ წარმატების ყველა შანსი გაქვთ. მერკური მხარს უჭერს საქმიან კონტაქტებს: შეგიძლიათ შეხვედრების დაგეგმვა, კონტრაქტების გაფორმება ან ახალი რამის სწავლა. დეტალებზე ყურადღება დაგეხმარებათ დოკუმენტებში შეცდომების თავიდან აცილებაში. პირად ცხოვრებაში იყავით დიპლომატიური: განიხილეთ გეგმები და გამოყავით დრო საუბრისთვის.
შაბათ-კვირას ხმაურიან გარემოცვაში დიდი დროის გატარებას მოერიდეთ.
სასიკეთო დღეები: 4, 6.
არასასიკეთო დღე: 3.
კირჩხიბი
კირჩხიბებს დატვირთული კვირა ელით, სახლში ჰარმონია და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კვირის შუა პერიოდში შეძლებთ თავიდან აიცილოთ შეცდომები და ხარვეზები სამსახურში. ფინანსური საკითხები სიფრთხილეს მოითხოვს. იყავით გულუხვი კოლეგების მიმართ და ხელიდან არ გაუშვათ დაგროვილი პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, ეს მნიშვნელოვან სარგებელს მოგიტანთ.
კვირის ბოლოს შეეცადეთ, მშვიდ გარემოში დაისვენოთ. კარგი დროა თავის მოვლისთვის: გაანებივრეთ საკუთარი თავი მასაჟით.
სასიკეთო დღეები: 3, 5.
არასასიკეთო დღე: 2.
ლომი
ამ კვირაში განსაკუთრებით სამსახურებრივ საკითხებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. სამშაბათს უმჯობესია არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, სასურველია ყველაფერზე კარგად დაფიქრდეთ. არ არის რეკომენდებული რაიმე რადიკალური ნაბიჯის გადადგმა. კოლეგების აზრიც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ოჯახში ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს: მოულოდნელი კომპლიმენტი ან პატარა საჩუქარი საყვარელ ადამიანებს გაახარებს და საერთო გარემოს გააუმჯობესებს. ვარსკვლავები ხელს შეუწყობენ ძველი კავშირების განმტკიცებას და ახალი, სასარგებლო კონტაქტების დამყარებას.
შაბათ-კვირას შორიდან სტუმრებს ელოდეთ.
სასიკეთო დღეები: 4, 7.
არასასიკეთო დღე: 3.
ქალწული
ამ კვირაში მოერიდეთ ყურადღების გაფანტვას და უმნიშვნელო საუბრებს, განსაკუთრებით სატელეფონო ზარებს. ეს საკმაოდ დიდ დროს გამოგითავისუფლებთ მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად. ეს კარგი პერიოდია ანალიზისთვის, სტრატეგიების კორექტირებისთვის და დეტალებზე სამუშაოდ. შესაძლებელია სასარგებლო კონტაქტები, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. პირად ცხოვრებაში მოერიდეთ ზედმეტ კრიტიკას.
უმჯობესია შაბათ-კვირა საოჯახო საქმეებში ან დასვენებაში გაატაროთ. თბილი კერძები და მცენარეული ჩაი სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.
სასიკეთო დღეები: 5, 8.
არასასიკეთო დღე: 7.
სასწორი
ორშაბათს ან სამშაბათს შეიძლება საკუთარმა რეფორმისტულმა იდეებმა გაგაოცოთ. გულდასმით ჩაიწერეთ ისინი, მოგვიანებით გამოგადგებათ. პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლოა ახსნა- განმარტებები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ. სამსახურში ღირს ერთობლივ პროექტებზე ფოკუსირება. ახალი პერსპექტივები მხოლოდ თქვენს თვითდისციპლინასა და პროაქტიულ ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. უმჯობესია ფინანსური საკითხები აუჩქარებლად მოაგვაროთ.
შეეცადეთ შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 2, 5.
არასასიკეთო დღე: 3.
მორიელი
ამ კვირაში შესაძლოა მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება მოგიხდეთ და ბევრი რამ თქვენს მონდომებაზე იქნება დამოკიდებული. ეს ხელსაყრელი დროა სასარგებლო კავშირების დასამყარებლად. შეძლებთ, ბევრ რამეს ახალი თვალით შეხედოთ და დაინახოთ ის, რასაც აქამდე უგულებელყოფდით, შედეგად კი საკუთარ შესაძლებლობებში უფრო მეტად დარწმუნდებით. იყავით რეალისტები თქვენ წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრისას. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანია კონტროლისა და ზეწოლის თავიდან აცილება.
შაბათ-კვირას სასურველია მეტი დრო დაუთმოთ სახლის დალაგებას, ეცადეთ, მოიშოროთ ძველი, უსარგებლო ნივთები და ქაოსს თავი დააღწიოთ.
სასიკეთო დღეები: 2, 5.
არასასიკეთო დღე: 7.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის ეს კვირა ახალ პერსპექტივებს მოიტანს. შესაძლებელია სწავლასთან ან სამსახურის შეცვლასთან დაკავშირებული იდეები გაჩნდეს. ურთიერთობებში თავისუფლებისა და ნდობის საჭიროება იზრდება. ეს კარგი დროა თქვენი ჰორიზონტის გასაფართოებლად და მომავლის დასაგეგმად. შესაძლოა ძალიან მაცდური შემოთავაზება მიიღოთ. ეს კვირა ხელსაყრელია ახალი ნაცნობების შეძენისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
შაბათ-კვირას წარმოუდგენლად სასიამოვნო მოვლენები დაგატყდებათ თავს.
სასიკეთო დღეები: 5, 8.
არასასიკეთო დღე: 3.
თხის რქა
ამ კვირაში ოცნებებში არ ჩაიძიროთ, ფხიზლად შეაფასეთ სიტუაცია. ყურადღება გაამახვილეთ თქვენს სამუშაოზე, პრაქტიკულ ამოცანებსა და გრძელვადიან მიზნებზე. რეკომენდებულია პროფესიული უნარების განვითარებაზე დაფიქრება. ეს კვირა დისციპლინას და პასუხისმგებლობას მოითხოვს. უმჯობესია, ახლა ახალი ურთიერთობა არ დაიწყოთ, ეს შეიძლება დროისა და ემოციების ფუჭად ხარჯვა აღმოჩნდეს. ფინანსური გადაწყვეტილებები გააზრებულად, სტაბილურობაზე ორიენტირებით უნდა მიიღოთ.
ბავშვებს შეიძლება თქვენი რჩევა დასჭირდეთ, მოუსმინეთ და შეეცადეთ, დაეხმაროთ.
სასიკეთო დღეები: 6, 7.
არასასიკეთო დღე: 2.
მერწყული
ამ კვირაში ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ, განსაკუთრებით თუ ირგვლივ მყოფების მოსაზრებებსა და კრიტიკას უგულებელყოფთ. ყურადღება გაამახვილეთ ყველაზე მნიშვნელოვანზე და ნუ დახარჯავთ თქვენს ძვირფას დროს და ენერგიას წვრილმანებზე. ამ კვირაში სირთულეები უმნიშვნელო და ადვილად დასაძლევია. ურთიერთობებში იზრდება გულწრფელობისა და გამოხატვის თავისუფლების მოთხოვნილება. ეს კარგი დროა შემოქმედებითი პროექტებისა და ექსპერიმენტებისთვის.
კვირის ბოლოს გაინებივრეთ თავი მეგობრებთან შეხვედრით და მათთან საუბრით.
სასიკეთო დღეები: 4, 5.
არასასიკეთო დღე: 3.
თევზები
ამ კვირაში არ იჩქაროთ და სტაბილურად იმოქმედეთ თქვენი მიზნების მისაღწევად. პროფესიული წარმატება და კარიერული წინსვლა გელოდებათ. პარასკევს შესაძლოა სამსახურის შეთავაზება მიიღოთ უფრო მოქნილი გრაფიკით და უფრო მაღალი ხელფასით. პოტენციურ დამსაქმებელთან შეხვედრა სავარაუდოა. მცირე ძალისხმევით სწრაფად მიაღწევთ მნიშვნელოვან შედეგებს.
საკმაოდ დატვირთული კვირის შემდეგ შაბათ-კვირა საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
სასიკეთო დღეები: 4, 8.
არასასიკეთო დღე: 6.
თამთა გურული



