მაგნიტური შტორმები 2026 წლის თებერვალში – კალენდარი, რისკები და რეკომენდაციები

თებერვალი ხშირად აღიქმება, როგორც გარდამავალი თვე – ზამთარი ნელ-ნელა იხევს უკან, თუმცა ორგანიზმი უკვე დაღლილია სიცივისა და ატმოსფერული წნევის ხშირი ცვალებადობისგან. ბევრისთვის ეს პერიოდი მომატებული მგრძნობელობისა და ემოციური არასტაბილურობის დროა. სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კითხვა – როგორი იქნება გეომაგნიტური ვითარება 2026 წლის თებერვალში.
მზის ასტრონომიის ლაბორატორიის მონაცემების მიხედვით, თვე ძირითადად მშვიდი იქნება, თუმცა რამდენიმე დაძაბული დღეც მოსალოდნელია. განსაკუთრებული განგაშის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ამ თარიღების ცოდნა სასარგებლოა როგორც ყოველდღიური საქმეების დაგეგმვისთვის, ისე თვითშეგრძნებაზე ზრუნვისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ მზეზე მოულოდნელი ამოფრქვევის ზუსტად წინასწარმეტყველება შეუძლებელია, თუმცა ამ დროისთვის არსებული სურათით, მაგნიტურ ქარიშხლებს არ პროგნოზირებენ.
2026 წლის თებერვლის გეომაგნიტური კალენდარი (წინასწარი პროგნოზი)
სპეციალისტების შეფასებით, თებერვალში მაგნიტოსფეროს მდგომარეობის კალენდარი ასე გამოიყურება.
1-4 თებერვალი – მშვიდი
5 თებერვალი – აღგზნებული
6-8 თებერვალი – მშვიდი
9-10 თებერვალი – აღგზნებული
11-12 თებერვალი – მშვიდი
13-16 თებერვალი – აღგზნებული, ზოგიერთი შეფასებით, 13 თებერვალს შესაძლებელია სუსტი (G1) მაგნიტური შტორმი
17–24 თებერვალი – მშვიდი
25 თებერვალი – აღგზნებული მაგნიტოსფერო
26–28 თებერვალი – მშვიდი

ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საუბარია წინასწარ პროგნოზზე და თვის განმავლობაში რეალური სურათი შესაძლოა მცირედით შეიცვალოს მზის აქტივობის მიხედვით.
რა ტიპის მაგნიტური შტორმები არსებობს?
მაგნიტური შტორმების ინტენსივობა რამდენიმე სკალით (ინდექსით) იზომება, მათ შორის ყველაზე ცნობილია G ინდექსი, რომელიც აშშ-ის ოკეანეებისა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NOAA) შეიმუშავა XX საუკუნის ბოლოს. ეს ინდექსი აჩვენებს, რამდენად ძლიერია შტორმი და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანზე, ტექნიკასა და ენერგოსისტემებზე.
G1 – სუსტი შტორმი
როგორც წესი, ადამიანებისთვის თითქმის შეუმჩნეველია, თუმცა შეიძლება გავლენა იქონიოს ცხოველთა მიგრაციაზე. საშუალოდ, ყოველ 2-3 დღეში ერთხელ ხდება.
G2 – ზომიერი შტორმი
შესაძლებელია ძაბვის ზრდა პოლუსებთან ახლოს მდებარე ელექტროსისტემებში და ჩრდილოეთის ნათების გაძლიერება მაღალ განედებზე. საშუალოდ კვირაში ერთხელ ფიქსირდება.
G3 – ძლიერი შტორმი
ზოგიერთი ელექტრომოწყობილობის მუშაობა შეიძლება შეფერხდეს, იზრდება სატელიტური და რადიონავიგაციის ხარვეზების რისკი. პოლარული ნათება უფრო სამხრეთითაც შეიძლება გამოჩნდეს. არც ისე ხშირია, საშუალოდ, 2-3 კვირაში ერთხელ.
G4 – ძალიან ძლიერი შტორმი
შესაძლებელია ენერგოსისტემებში ავარიები, საგრძნობლად უარესდება კავშირისა და ნავიგაციის ხარისხი. ჩრდილოეთის ნათება უკვე შედარებით დაბალ განედებზეც ფიქსირდება. ასეთი შტორმები შედარებით იშვიათია და 1,5-2 თვეში ერთხელ ფიქსირდება.
G5 – ექსტრემალური შტორმი
ყველაზე იშვიათი, მაგრამ ყველაზე ძლიერი მოვლენები: შესაძლებელია ენერგოსისტემების დროებითი გათიშვა, ტრანსფორმატორების დაზიანება და მასშტაბური პრობლემები სატელიტურ კავშირში. პოლარული ნათება შესაძლოა ეკვატორამდეც კი გავრცელდეს. G5 ინტენსივობის შტორმი ძალიან იშვიათად ხდება, საშუალოდ 2-3 წელიწადში ერთხელ.
როგორ აისახება გეომაგნიტური დღეები თვითშეგრძნებაზე?
ყველა ერთნაირად არ რეაგირებს ამ მოვლენებზე, თუმცა მეტეოსენსიტიურ ადამიანებში ხშირად ფიქსირდება:
- თავის ტკივილი და სისუსტე;
- ძილის დარღვევა;
- არტერიული წნევის მერყეობა;
- გაღიზიანება და კონცენტრაციის დაქვეითება.
განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ხანდაზმულები და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანები.
სპეციალისტთა რეკომენდაციები აქტიური დღეებისთვის
✔ შეამცირეთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;
✔ აკონტროლეთ არტერიული წნევა;
✔ მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი;
✔ მოერიდეთ ალკოჰოლსა და ზედმეტ კოფეინს;
✔ დაიცავით ძილის რეჟიმი;
✔ სტრესის შესამცირებლად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მიმართეთ სუნთქვით ვარჯიშებს ან მედიტაციას.
თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, სასურველია მედიკამენტების რეჟიმის წინასწარ გადამოწმება ექიმთან.
როგორც ხედავთ, 2026 წლის თებერვალი გეომაგნიტური თვალსაზრისით შედარებით სტაბილური თვეა. მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელია ერთი პიკური დღე და საშუალო აქტივობის რამდენიმე პერიოდი, მასშტაბური შტორმები პროგნოზში არ ფიქსირდება. ინფორმირებულობა და ელემენტარული პრევენცია სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თვემ მშვიდად და კომფორტულად ჩაიაროს.
თამთა გურული



