ამინდისაბერძნეთი

სტიქიამ საბერძნეთში მძიმე მდგომარეობა შექმნა – მსხვერპლი, დატბორილი ატიკა და Red Code მაკედონიაში (ვიდეო)

ოთხშაბათს, 21 იანვარს, დილით საბერძნეთის მთელი ტერიტორია ძლიერმა უამინდობამ მოიცვა – კოკისპირული წვიმა, ელჭექი, ქარბორბალები და შტორმული ქარი დაფიქსირდა მრავალ მხარეს ქვეყნის მასშტაბით. ამ რთულმა ჰიდრომეტეოროლოგიურმა პირობებმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა: გზებზე წყალდიდობა, სახლებისა და ინფრასტრუქტურის დატბორვა, საგანგებო სამსახურების გადატვირთვა და მოსახლეობისთვის საფრთხის ზრდა. ამასთან, ბევრ რეგიონში დახურულია სკოლები, რადგან ხელისუფლებამ მოქალაქეებისა და ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭიროდ მიიჩნია სწავლის შეჩერება და დისტანციურ რეჟიმზე გადატანა. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, ძლიერი უამინდობა შენარჩუნდება და პრობლემები, მათ შორის, შეზღუდვები ტრანსპორტსა და გადაადგილებაზე, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამინდის გაუარესება ხანგრძლივობითა და მაღალი ინტენსივობით გამოირჩეოდა, რამაც სერიოზული პრობლემები შექმნა გადაადგილების მხრივ და სამოქალაქო დაცვის სამსახურები მაღალი მზადყოფნის რეჟიმზე გადაიყვანა. განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა ატიკაში.

ძლიერმა ნალექმა საბერძნეთის დედაქალაქ ათენის მთელ რეგიონში გზების მასობრივი დატბორვა გამოიწვია. სამხრეთ გარეუბნებში – გლიფადაში, ვულასა და ვულიაღმენში – სახანძრო სამსახურმა ასობით გამოძახება მიიღო: მეხანძრე-მაშველები წყალს ტუმბავდნენ, წაქცეული ხეები გაჰქონდათ და იმ მოქალაქეებს ეხმარებოდნენ, რომელთა ავტომობილები წყლის ძლიერი ნაკადების გამო დაიბლოკა.

გლიფადაში წყალდიდობას ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა – ქვეითად მოსიარულე ქალი კირილესა და მეთოდეს ქუჩაზე წყლის ძლიერმა ნაკადმა წაიღო და ავტომობილის ქვეშ მოექცა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ქალი უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ასტროში, კინურიაში, სადაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სანაპირო დაცვის თანამშრომელი დაიღუპა. პორტში გემების დამაგრების მცდელობისას იგი ძლიერმა ტალღამ წააქცია, რის შედეგადაც მან თავი დაარტყა და სასიკვდილო დაზიანებები მიიღო.

სტიქიამ ჩრდილოეთ საბერძნეთიც მოიცვა. დასავლეთ მაკედონიაში მაღალი მზადყოფნის რეჟიმი – წითელი კოდი გამოცხადდა. თოვლი და დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა სერესში, კილკისში, ფლორინაში, დრამაში, პელაში და სხვა რეგიონებში, ხოლო მთიან ზონებში თოვლის საფარის სიმაღლემ 50 სანტიმეტრს გადააჭარბა.

რიგ რეგიონებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ზამთრის საბურავებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დაშვებული. შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის, გრევენაში, კასტორიაში და ცენტრალური მაკედონიის მთიან რაიონებში.

მიწის ჩამოშლის შემთხვევები დაფიქსირდა ოროპოსში, სადაც დაკეტილია სანაპირო გზის მონაკვეთი მარკოპულოდან აგია აპოსტოლის მიმართულებით. მრავალი ქუჩა წყლის მძლავრმა ნაკადებმა დაფარა.

სკოლების მუშაობის რეჟიმი

ხუთშაბათს, 22 იანვარს, სკოლები შეზღუდული რეჟიმით იმუშავებს. რიგ მუნიციპალიტეტებში – მათ შორის, მიტილინიში, დასავლეთ ლესბოსზე, ქიოსსა და სამოსზე – სკოლები და საბავშვო ბაღები დახურული დარჩება. სხვა რეგიონებში, მაგალითად, ფლორინაში, კასტორიასა და პრესპესში, სასწავლო პროცესი დილით ერთი საათით გვიან დაიწყება.

ატიკაში კი, რეგიონული ხელისუფლების გადაწყვეტილებისა და ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (ΕΜΥ) პროგნოზების თანახმად, ხუთშაბათს სკოლები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს, რადგან ამინდის მოვლენების შესუსტებაა მოსალოდნელი.

მონაცემები ნალექის შესახებ

ათენის ეროვნული ობსერვატორიის / METEO-ს მონაცემებით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი დაფიქსირდა ატიკაში, აღმოსავლეთ პელოპონესსა და ევბეაზე. ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 20:00 საათისთვის აღირიცხა პაპაგუში, ვირონაში, ხალანდრიში და ილიუპოლიში.

უამინდობა კვლავ აქტიურ ფაზაში რჩება, ხოლო საგანგებო სამსახურები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ზიანის შესამცირებლად უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

ნინო ბაჯელიძე

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close