რა იცვლება იმიგრანტებისთვის საბერძნეთში: ახალი საიმიგრაციო კანონპროექტის მთავარი დებულებები

გასული წლის ბოლოს, 30 დეკემბერს opengov.gr-ზე გამოქვეყნდა საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტროს კანონპროექტი სათაურით: „ლეგალური მიგრაციის პოლიტიკის ხელშეწყობა“. კანონპროექტი მიზნად ისახავს ლეგალური მიგრაციისთვის თანამედროვე და ეფექტიანი ჩარჩოს შექმნას, რომელიც, ავტორთა მტკიცებით, არალეგალური მიგრაციის საწინააღმდეგო ბარიერებს შექმნის და უპასუხებს საბერძნეთის ეკონომიკის საჭიროებებს, ასევე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მოთხოვნებს.
კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს ლეგალიზაციის პროცესის ყველა ეტაპზე. აქცენტი გაკეთდება ბიუროკრატიის შემცირებასა და ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები მესამე (ევროკავშირის არაწევრი) ქვეყნების მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურების დაჩქარებაზე. ამ მიზნით ამოქმედდება ბინადრობის მოწმობის ავტომატური განახლება ერთადერთი გამონაკლისით – საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრობლემების არსებობის შემთხვევაში მოხდება დამატებითი შემოწმება. ბინადრობის მოწმობის მოქმედების მინიმალური ვადა იქნება ორი წელი.
მესამე ქვეყნების მოქალაქეების დასაქმება
სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტში ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში მცხოვრები საერთაშორისო დაცვის ბენეფიციარების გამოყენებაზე ისეთ სექტორებში, სადაც კადრების ნაკლებობაა – მაგალითად, მშენებლობაში, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში. დოკუმენტის თანახმად, ეტაპობრივად მცირდება მათი დამოკიდებულება შემწეობებზე და ხდება შრომის ბაზარზე მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა იმ შემთხვევაში, თუკი მათ ქვეყანაში ლეგალურად დარჩენის უფლება აქვთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი, ვისაც ლტოლვილის სტატუსი აქვს მინიჭებული, შეძლებენ იმუშაონ და არ იყვნენ დამოკიდებულები შემწეობებზე.
ახალი ვიზები და მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა
დასაქმების სფეროშ, მესამე ქვეყნებიდან მუშაკების ჩამოყვანის პროცედურები მოიცავს ლეგალიზაციის გამარტივებასა და მოქნილობას დამსაქმებლის შეცვლისას. დიდი საჯარო პროექტებისა და სტრატეგიული ინვესტიციების ობიექტებზე დასაქმების მიზნით ჩამოყვანილი მოქალაქეებისათვის სპეციალური, „სწრაფი პროცედურა“ (fast track) დაწესდება. ამავდროულად, პრიორიტეტი მიენიჭება ორმხრივ შეთანხმებებს საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები მოქალაქეების დაბრუნებისა და უკანონო იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვაზე. ინერგება ეროვნული ვიზების ახალი კატეგორიები, როგორიცაა ტექნოლოგიური და ტალანტების ვიზები (tech visa და talent visa). ამავდროულად, იზრდება მაღალკვალიფიციური მუშაკებისთვის ბინადრობის ნებართვის (ლურჯი ბარათი) მოქმედების ვადა.
არალეგალური მიგრაცია და მკაცრი სანქციები
კანონპროექტი ამკაცრებს სასჯელებს მიგრანტების უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის. თუ ლეგალური მიგრანტები რაიმე სახით დაეხმარებიან არალეგალ იმიგრანტებს, ლეგალურ სტატუსს დაკარგავენ, ხოლო ტრეფიკინგში ბრალდებულებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. ასევე შესაძლებელი ხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო პატიმრობაში მყოფი იმიგრანტების პირობითი გათავისუფლება და დაუყოვნებლივი დეპორტაცია.
კანონპროექტი ითვალისწინებს მიგრაციის პოლიტიკის საკოორდინაციო კომიტეტის შექმნას საიმიგრაციო პოლიტიკის თანმიმდევრულობისა და ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად.
თუკი შევაჯამებთ:
დადებითი მხარეა ბინადრობის მოწმობის ავტომატური გახანგრძლივების შემოღება. ბერძნული ბიუროკრატიის მოუქნელი მუშაობის გამო ჩვენი თანამემამულეები თვეობით, ზოგჯერ წლობითაც ელოდებიან განახლებული დოკუმენტის აღებას, რაც სრულიად გაუგებარი და უსიამოვნო მოვლენაა.
კარგია, რომ აღარ იარსებებს ერთწლიანი ბინადრობის მოწმობები, რომლებიც აღების მომენტში უკვე ვადაგასული იყო და საჭირო ხდებოდა განახლებაზე დაუყოვნებლივ ახალი განაცხადის გაკეთება.
საბერძნეთის ხელისუფლება პრიორიტეტს ანიჭებს ორმხრივ შეთანხმებებს მიგრაციის საკითხებზე. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ასეთი მოლაპარაკება მიმდინარეობს საქართველოსთანაც, რამაც სამომავლოდ ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი თანამოქალაქეების ამ ქვეყანაში ლეგალურად დასაქმებას.
უარყოფითი მხარეა ხელისუფლების პოლიტიკის ახალი ტენდენცია, რომელიც ქვეყანაში მყოფი უსტატუსო ემიგრანტების ლეგალიზაციას, ფაქტობრივად, გამორიცხავს, ხოლო მცირედი ადმინისტრაციული გადაცდომაც კი დეპორტაციისათვის სამართლებრივ საფუძვლად იქნება გამოყენებული.
გიორგი ჯანელიძე
წყარო:



