91 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ბრიჟიტ ბარდო – ფრანგული კინოს ლეგენდა და გასული საუკუნის 60-იანი წლების სექსსიმბოლო.
ბრიჟიტ ბარდო 1934 წელს დაიბადა პარიზში. საყოველთაო აღიარება მან XX საუკუნის 50-იან წლებში მოიპოვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთავარი როლი შეასრულა ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“ (And God Created Woman, 1956). სწორედ ამ ნამუშევარმა და მისმა თამამმა, სექსსიმბოლოს იმიჯმა ბარდო სხვა ლეგენდარული კინოვარსკვლავებისგან გამოარჩია და იგი სწრაფად იქცა არა მხოლოდ კინოს, არამედ მთელი ეპოქის კულტურულ ფენომენად. იგი მონაწილეობდა ჟან ლიუკ გოდარის ფილმებში, მისი პარტნიორები კინოში იყვნენ ალენ დელონი, მარჩელო მასტროიანი, შონ კონერი და სხვ.
ფილმოგრაფია და გავლენა
ბარდომ კარიერის განმავლობაში რამდენიმე ათეულ კინოფილმში ითამაშა, მათ შორისაა „სიმართლე“ (The Truth), „ზიზღი“ (Contempt) და Shalako. მისი გარეგნობა, სტილი და თავისუფალი ხასიათი 60-იანი წლების კულტურული რევოლუციის სიმბოლოდ იქცა, ხოლო მისი თავდაჯერებული და ბუნებრივი სექსუალურობა ფართო საზოგადოებისთვის ქალის დამოუკიდებლობისა და თვითგამოხატვის ერთ-ერთ ნიშნად ჩამოყალიბდა.
კარიერის დასრულება და სამოქალაქო აქტივიზმი
1973 წელს ბრიჟიტ ბარდომ კინოკარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო და მთელი ენერგია ცხოველთა უფლებებისა და გარემოს დაცვის საქმეს მიუძღვნა. ამ საქმიანობის ფარგლებში მან დააარსა Brigitte Bardot Foundation – ორგანიზაცია, რომელიც დღესაც აქტიურად მუშაობს ცხოველთა კეთილდღეობის დასაცავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

საზოგადოებრივი პოზიცია და საჯარო განცხადებები
ბარდო მუდამ წინააღმდეგობრივი და ხმაურიანი ფიგურა იყო. მიუხედავად ფართო აღიარებისა ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროში, მოგვიანებით იგი არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი და კანონითაც დაისაჯა გარკვეული საჯარო განცხადებების გამო. მის პოზიციებს ხშირად უკავშირებდნენ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ წრეებთან სიმპათიებს, რამაც საზოგადოებაში მწვავე დებატები გამოიწვია.
ნინო ხოშტარია
ამავე თემაზე: ბრიჟიტ ბარდო და მისი საყვარელი მამაკაცები – ფრანგული კინოს სექსსიმბოლო 90 წლის გახდა (ფოტო, ვიდეო)



