მსოფლიოსაზოგადოება

აშშ: შობის წინ იღბლიანმა მოთამაშემ ლატარიაში 1.817 მილიარდი დოლარი მოიგო

აშშ-ის შტატ არკანზასში Powerball-ის ლატარიაში ისტორიული მოგება დაფიქსირდა – შობის წინა დღეს ერთმა მოთამაშემ 1.817 მილიარდი დოლარის ჯეკპოტი მოიგო და ამით რამდენიმეთვიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

გამარჯვებულმა იღბლიანი ბილეთი ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე შეიძინა კაბოტში (არკანზასი).

მომგებიანი კომბინაცია ასე გამოიყურებოდა:

თეთრი ბურთები: 4, 25, 31, 52, 59.

Powerball (წითელი ბურთი): 19

ლატარიის ორგანიზატორების ცნობით, ჯეკპოტის საბოლოო თანხამ თავდაპირველ პროგნოზებს გადააჭარბა. ეს ბილეთების გაყიდვების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა – ბოლო კვირებში მოთამაშეთა ინტერესმა მნიშვნელოვნად მოიმატა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ მოახერხა ჯეკპოტის მოგება. შედეგად, დაგროვილი თანხა აშშ-ის ისტორიაში ლატარიის სიდიდით მეორე მოგება აღმოჩნდა, ხოლო 2025 წლისთვის Powerball-ის ყველაზე დიდი მოგება გახდა. ისტორიაში ყველაზე დიდი ჯეკპოტი – 2 მილიარდ 48 მლნ აშშ დოლარი 2022 წლის 7 ნოემბერს გათამაშდა კალიფორნიაში. ხოლო 2025 წლის 6 სექტემბერს მოთამაშემ ტეხასში 1,79 მილიარდი დოლარის ჯეკპოტი მოიგო.

ამჟამინდელ გამარჯვებულს თანხის მიღების ორი ძირითადი გზა აქვს. თუ ის მთლიანი ჯეკპოტის ეტაპობრივად, ანუ ანუიტეტის (Annuity) სახით მიღებას აირჩევს, თანხა წლების განმავლობაში ნაწილ-ნაწილ გადაეცემა. თუმცა თანხის ერთიანად მიღების არჩევის შემთხვევაში გამარჯვებული გადასახადების გადახდამდე დაახლოებით 834.9 მილიონ დოლარს მიიღებს.

Powerball-ის მსგავსი მასშტაბის მოგებები აშშ-ში იშვიათია და, როგორც წესი, არა მხოლოდ გამარჯვებულის ცხოვრებას ცვლის, არამედ დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. ასეთი გრანდიოზული ჯეკპოტები კი კიდევ უფრო ზრდის ლატარიის პოპულარობას და მონაწილეთა რაოდენობას მომდევნო გათამაშებებში.

ნუცა ყაველაშვილი

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close