მიწისძვრა პირდაპირ ეთერში – თურქეთში ძლიერი ბიძგებით გამოწვეული პანიკის გამო სიმაღლიდან 151 ადამიანი გადმოხტა (ვიდეო)

23 აპრილს თურქეთის ქალაქ სტამბოლში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
თურქეთის კატასტროფების სააგენტოს (AFAD) ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 12:49 საათზე სილივრის რაიონში, სტამბოლიდან 80 კილომეტრში დაფიქსირდა მარმარილოს ზღვაში, შვიდი კილომეტრის სიღრმეზე. ბიძგები თურქეთის დედაქალაქ ანკარაშიც იგრძნობოდა.
მიწისძვრამ ყველაზე ძლიერ თურქეთის ქალაქი სტამბოლი შეაზანზარა.
თურქეთის ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, არ შევიდნენ შენობებში, რომლებიც შესაძლოა მიწისძვრის შედეგად დაზიანდა. ამასთან, მოსახლეობას ურჩევენ, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გამოიყენონ მობილური ტელეფონები.
თურქეთში მიწისძვრით გამოწვეული პანიკის გამო სიმაღლიდან გადმოხტომის შედეგად, სულ ცოტა, 151 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ სტამბოლის გუბერნატორის ოფისზე დაყრდნობით იტყობინება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია და საცხოვრებელი შენობები არ ჩამონგრეულა. მათივე ცნობით, ერთ-ერთ რაიონში მიტოვებული შენობა ჩამოინგრა, თუმცა ამის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ პირველადი შემოწმების შედეგად გზატკეცილებსა და აეროპორტებში დაზიანება არ დაფიქსირებულა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ხალხი შენობებიდან გარეთ არის გასული.
İstanbul’da meydana gelen 6.2’lik depremin ardından Güngören’deki bir park:pic.twitter.com/sW3gat66Yy
— Haber (@Haber) April 23, 2025
მიწისძვრის მომენტი CNN TÜRK-ის პირდაპირ ეთერშიც დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად თურქეთში 50 500 ადამიანზე მეტი დაიღუპა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები