ვიდეოსპორტი

ერთა ლიგა: პლეი ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ერევანში სომხეთის ნაკრები დაამარცხა დიდი ანგარიშით (ვიდეო)

გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა, მეკარე მამარდაშვილმა - საგოლე გადაცემა

ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად პლეი ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ნაკრებს შეხვდა და დიდი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა.

დისკვალიფიკაციის გამო ამჯერად არ ითამაშეს კაპიტანმა გურამ კაშია და გუნდის ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ. მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ირაკლი აზაროვი და ნიკა კვეკვესკირი დააბრუნა.

საქართველოს ნაკრების პირველ გოლამდე მატჩი საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდა. პირველი მომენტი მე-5 წუთზე ჩაკვეტაძემ შექმნა, რომელმაც ივუს ბურთი აართვა, კარისკენ დაიძრა და მეტოქის მცველთან ორთაბრძოლისას საჯარიმოსთან წაიქცა, თუმცა არბიტრმა ჩათვალა, რომ წესის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

33-ე წუთზე ქოჩორაშვილმა მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, ბურთი კიტეიშვილთან გაითამაშა, თავად ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და ანგარიში გახსნა – 1:0.

მალევე, 37-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც საჯარიმოდან გამოვიდა ბურთის ასაღებად, მეტოქის ნახევარში გრძელი გადაცემა გააკეთა, ბურთი მიქაუტაძემ მიიღო, კართან ახლოს მყოფი, მოედნის ხაზთან შეყოვნდა, თითქოს საჯარიმოში გადაცემის გაკეთებას აპირებდა, თუმცა მოულოდნელად მახვილი კუთხიდან დაარტყა და ბურთი ძელსა და მეკარეს შორის გააძვრინა. ანგარიში გახდა 2:0. ეს ასისტი მამარდაშვილს ჩაეთვალა. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მეკარის მიერ შესრულებული პირველი საგოლე გადაცემა იყო.

პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა 59-ე წუთზე და ისიც მასპინძლების კარში – სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და ანგარიში 3:0 გახდა.

ამ მოგებით საქართველომ B დივიზიონში დარჩენისთვის დიდი ნაბიჯი გადადგა. სომხეთის ნაკრებთან განმეორებითი შეხვედრა 23 მარტს გაიმართება თბილისში, „დინამო არენაზე“. მატჩი 18:00 სთ-ზე დაიწყება.

ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები:

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს სომხეთისთვის არ მოუგია 2011 წლის შემდეგ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში მეზობლები მხოლოდ 2-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს  (ორივეჯერ – ერთა ლიგაში). პირველი შეხვედრა მოიგო სომხეთის ნაკრებმა 2:1, მეორე ფრედ დასრულდა – 2:2.

სხვათა შორის, სომხებისთვის ეს პირველი მატჩი იყო ახალი მწვრთნელის, ჯონ ვანტ სხიპის ხელმძღვანელობით, რომელიც ნაკრების მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა.

ნუცა ყაველაშვილი 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close