
უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია რუსეთთან მიმართებაში და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები, მათ შორის, 2 დღის წინ მინისტრთა კაბინეტის პირველ სხდომაზე ნათქვამი ფრაზა, რომ უკრაინელებმა უნდა დაივიწყონ ნატო, რადგან, როგორც ჩანს, „ყველაფერი ამის გამო დაიწყო“, გერმანიას ეჭვს უჩენს, რომ აშშ აღარ არის სანდო სტრატეგიული პარტნიორი.
ამასთან დაკავშირებით გერმანიის ხელისუფლებაში საკუთარი ბირთვული პოტენციალის შექმნაზე დაფიქრდნენ. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ იუწყება.
„უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით ტრამპმა რუსეთის მხარე დაიჭირა. აშშ-ის პრეზიდენტზე დაყრდნობა აღარ შეიძლება. ეს ნიშნავს, რომ გერმანელებსა და ევროპელებს ბირთვული შეკავების საკუთარი პოტენციალი სჭირდებათ. გერმანიას სჭირდება ახალი ბირთვული ქოლგა“, – ნათქვამია „შპიგელის“ სტატიაში.
მასში აღნიშნულია, რომ ბირთვული პოტენციალის შექმნა გახდება გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს გერმანიისა და ევროპის შესაძლებლობას, დამოუკიდებლად განსაზღვრონ თავიანთი ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთთან, აშშ-სთან და ჩინეთთან ურთიერთქმედებების კონტექსტში.
რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა The Daily Telegraph-მა ანონიმ ფრანგ ჩინოვნიკზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის მიერ ევროპის რეგიონიდან ჯარების გაყვანის შემთხვევაში საფრანგეთს შეუძლია გერმანიაში განათავსოს თავისი გამანადგურებლები, რომლებიც ბირთვული რაკეტებითაა აღჭურვილი. ანონიმი ჩინოვნიკის თქმით, ეს იქნება სიგნალი მოსკოვისთვის. თუმცა ოფიციალური მოთხოვნა ამის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაკეთდება, თუ აშშ გერმანიიდან თავის ბირთვულ ძალებს გაიყვანს.
დონალდ ტრამპმა თავისი მინისტრთა კაბინეტის პირველ სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინას „შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება“, – და განმარტა: „ვფიქრობ, ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ყველაფერი დაიწყო“.
ტრამპის განცხადებას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ვაშინგტონში ვიზიტის დროს სააგენტო „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში „რუსული ნარატივი“ უწოდა. „ეს ბრალდებები სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის რუსული ნარატივი, რომელსაც არ უნდა დავუჯეროთ“, – განაცხადა კაია კალასმა.
EU’s top diplomat says NATO offers the best security guarantee for Ukraine, accusing Trump of falling for a Russian narrative by closing the doorhttps://t.co/rd6llt0DQS
VIDEO: NATO is best security guarantee for Ukraine: EU top diplomat Kaja Kallas tells @AFP pic.twitter.com/M2JNV6DWa3
— AFP News Agency (@AFP) February 28, 2025
„მე ვსვამ კითხვას, რატომ უნდა მივცეთ რუსეთს ის, რაც მას სურს, გარდა იმისა, რაც უკვე გააკეთეს – უკრაინაზე თავდასხმა, მისი ტერიტორიის ანექსია, ტერიტორიის ოკუპაცია და ახლა, ამ ყველაფერთან ერთად, კიდევ რაღაცის შეთავაზება? დაფიქრდით, აქ, ამერიკაში, 11 სექტემბრის შემდეგ თქვენ დასხდებოდით ბინ ლადენთან და ეტყოდით: „კარგი, კიდევ რას ისურვებდი?“ იმას ვგულისხმობ, რომ ეს წარმოუდგენელია“, – თქვა კაია კალასმა.
რუსეთში უფრო ადრე საუბრობდნენ, რომ ომის დასრულებაზე სამშვიდობო გარიგების მიღწევის ერთ-ერთი პუნქტი უნდა იყოს უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა. აგრეთვე, ამერიკის პრეზიდენტი არ აპირებს, კიევს მისცეს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები, ამის უფლებამოსილება და ვალდებულება მან ევროპას „გადააბარა“ და აღნიშნა, რომ თავად ევროპამ უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. აგრეთვე, ტრამპი ირწმუნება, რომ რუსეთი წამოვა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაზე და შეთანხმებებს შეასრულებს. მისი მტკიცებით, ამაში დარწმუნებულია, რადგან, როგორც თავად ამბობს, დიდი ხანია, იცნობს ვლადიმირ პუტინს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის პირველ სხდომაზე ტრამპმა პუტინი დაახასიათა, როგორც „ძალიან ჭკვიანი“, მაგრამ „ცბიერი კაცი“.
აღსანიშნავია, რომ ყველაფრის მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ ადრე დაწესებული მთელი რიგი სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. თეთრი სახლის ფედერალური რეესტრის თანახმად, საუბარია შეზღუდვებზე, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს 2014, 2018 და 2022 წლებში უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით დაუწესა.
„ამ ბრძანებებში აღნიშნული ქმედებები და პოლიტიკა კვლავაც უჩვეულო და ექსტრაორდინარულ საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას. ამ მხრივ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა … ძალაში უნდა დარჩეს 2025 წლის 6 მარტის შემდეგ“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამ წუთებში (თბილისის დროით 28 თებერვლის 20:32 სთ) დონალდ ტრამპი თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. შეხვედრა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდება და შემდეგ გახდება ცნობილი, რა შეთანხმებას მიაღწევენ მხარეები. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, უკრაინაში ბუნებრივი რესურსების ერთობლივი მოპოვების ხელშეკრულების ხელმოწერა იქნება. უკრაინის მთავარი მიზანი ამ შეთანხმებით უსაფრთხოების გარანტიების მოპოვებაა.
ამ შეხვედრის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 27 თებერვალს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ტელეკომპანია „ბიბისის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, კვლავინდებურად მიიჩნევს თუ არა ზელენსკის დიქტატორად, ტრამპმა უპასუხა: „ასეთი რამ მე ვთქვი? არ შემიძლია დავიჯერო, რომ ასეთი რამ ვთქვი. შემდეგი შეკითხვა!..“
Trump on calling Zelenskyy a dictator: “Did I say that? I can’t believe I said that.” pic.twitter.com/rgkwLjw1D6
— Aaron Rupar (@atrupar) February 27, 2025
ნანა ძნელაძე
კომენტარები