![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2025/02/umushevroba-germaniashi.jpg)
გერმანიაში უმუშევრობის მაჩვენებელმა მოიმატა და 2015 თებერვლის შემდეგ პირველად ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა, – იუწყება Euronews-ი.
ექსპერტები დასაქმების ბაზარზე კრიზისს ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში შექმნილ პრობლემებს უკავშირებენ.
დასაქმების ფედერალური ბიუროს მონაცემებით, მარტო იანვარში უმუშევართა რაოდენობა თერთმეტი ათასით გაიზარდა (სეზონური მატების შესწორებით), გასული წლის იანვართან შედარებით კი უმუშევართა რაოდენობამ 187 ათასით მოიმატა და მთლიანობაში 2 მილიონ 993 ათასს მიაღწია. პროცენტული მაჩვენებლით, მიმდინარე წლის იანვარში გერმანიაში უმუშევრობის დონე 6,4%-მდე გაიზარდა, რაც წინა თვესთან შედარებით 0,4 პროცენტული პუნქტით მეტია.
როგორც წესი, წელიწადის ამ დროს უფრო მეტი გერმანელი რჩება ხოლმე უმუშევარი, რადგან ბევრი დროებითი კონტრაქტი მთავრდება და ამინდთან დაკავშირებულ სამუშაოებზე დასაქმებაც წყდება.
მიუხედავად ამისა, უმუშევრობის სეზონური ზრდის მასშტაბები შეიძლება უკავშირდებოდეს გერმანიის ეკონომიკის ცუდ მდგომარეობას, რომელზეც უარყოფით გავლენას ახდენს წარმოების ვარდნა და პროდუქტიულობის კრიზისი.
ინფრასტრუქტურის მოშლა, პოლიტიკური არასტაბილურობა და ჭარბი ბიუროკრატია ასევე აღრმავებს პრობლემებს გერმანიაში.
ქვეყნის მშპ 2024 წელს 0,2%-ით შემცირდა, 2023 წლის 0,3%-იანი შემცირების შემდეგ.
უმუშევრობის დონე გერმანიაში ამჟამინდელთან შედარებით ბოლო წლებში უფრო მაღალი იყო 2015 წლის თებერვალში, როდესაც 3 მლნ 17 ათასი ადამიანი დარჩა სამუშაოს გარეშე.
ნინო ხოშტარია
კომენტარები