ჩამოვა თუ არა თამარ მეფის საფლავის აღმოსაჩენად საქართველოში თანამედროვე „ინდიანა ჯონსი“ – ვინ არის ალბერტ ლინი (ვიდეო)
ალბერტ იუ-მინგ ლინი არის ამერიკელი ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი, მკვლევარი და ტელეწამყვანი. 2019 წლიდან ის არის National Geographic-ის დოკუმენტური ფილმების სერიის – „დაკარგული ქალაქები ალბერტ ლინთან ერთად“ – ავტორი და წამყვანი.
ლინი 2008 წლიდან არის კალიფორნიის უნივერსიტეტში ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევარი, არის ადამიანური შესაძლებლობების შემსწავლელი ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც ცდილობს გამოიყენოს ტექნოლოგიები ადამიანური პოტენციალის გასაფართოებლად.
თავად ლინი არის იმის მაგალითი, რომ ადამიანური შესაძლებლობები უსაზღვროა – 2016 წელს, ავტოავარიის შემდეგ მას დასჭირდა მარჯვენა ფეხის მუხლს ქვემოთ ამპუტაცია და მას შემდეგ მაღალტექნოლოგიურ პროთეზს ატარებს. ხეიბრობის მიუხედავად, ის აგრძელებს ექსტრემალურ ექსპედიციებში მონაწილეობას და საველე პირობებში ფიზიკურად უკიდურესად რთულ კვლევით სამუშაოებს ასრულებს.
„ძალიან ბევრჯერ აღმოვჩენილვარ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ხვდები, რომ ჩვენ ყველანი რაღაც უფრო დიდის ნაწილები ვართ და რომ ყველაფრის ახსნა შეუძლებელია“, – ამბობს ალბერტ ლინი, თანამედროვე „ინდიანა ჯონსი“, როგორც მას უწოდებენ.
გარდა სამეცნიერო მუშაობისა, ლინი 2010 წლიდან National Geographic-ის მკვლევარიც არის. ის უძღვებოდა National Geographic-ის სატელევიზიო შოუს, სადაც დოკუმენტირებული იყო მისი ექსპედიციები, მათ შორის არის დოკუმენტური ფილმები „ჩინგის ხანის აკრძალული საფლავი“ (2011), „აღმოჩენილი ჩინეთის მეგა-საფლავები“ (2016), „მაიას დაკარგული საგანძური“ (2018) და „ბიბლიის ჩამარხული საიდუმლოებები“ (2019).
2019 წლიდან ლინი უძღვება National Geographic-ის სერიას „დაკარგული ქალაქები ალბერტ ლინთან ერთად“. ფილმები სანახაობრივად საინტერესოა, რომელიც ფაქტობრივ, ახლად აღმოჩენილ ისტორიულ და არქეოლოგიურ მასალას ეყრდნობა. ეს მასალა, რომელიც ჩამარხულია თანამედროვე ქალაქებსა და ტყის მასივების ქვეშ, სატელიტების, დრონების, ლაზერული ტექნოლოგიის, გეოფიზიკისა და სახმელეთო დაზვერვის კომბინაციის გამოყენებით არის მოპოვებული.
როგორც ლინი ამბობს, მისი შემდეგი ფილმი თამარ მეფის საფლავის მოძიებას მიეძღვნება.
სად არის დაკრძალული ქართველთა ყველაზე სახელოვანი მეფე თამარი? – ახალი ვერსია (ვიდეო)
კომენტარები