დღის თემავიდეოპოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება 2 თებერვალს გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციელთა ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით და შესაბამისი პირები პასუხისგებაში მისცეს (ვიდეო)

დღეს, 2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელში, „თბილისი მოლთან“ გამართულ მოქალაქეთა დემონსტრაციაზე პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს:

„შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციელების მხრიდან „ტვ პირველის“ დაშავებული ოპერატორის თაობაზეც. ასევე, პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის კადრები ქალების, მათ შორის ქალი პოლიტიკოსების მიმართ. სახალხო დამცველი გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. სახალხო დამცველი თითოეულ ფაქტზე განახორციელებს სამართლებრივ რეაგირებას. სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა ამ ფაქტზე გამოძიება და მისცეს შესაბამისი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ასევე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას – პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და არაეთიკური მიმართვების ფაქტებზე ჩატარდეს სამსახურებრივი შემოწმება. სახალხო დამცველის რწმუნებულები მოინახულებენ ყველა დაკავებულ მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკოსებს. დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება. უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 1481 – მუშაობს 24 საათიან რეჟიმში“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

არაოფიციალური ცნობებით, დღევანდელი აქციის დროს თბილისში 20-ზე მეტი ადამიანია დაკავებული – ჩვეულებრივი მოქალაქეები და პოლიტიკოსები.  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულების შესახებ  ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია და უცნობია, ისინი სისხლის სამართლის წესით დააკავეს თუ ადმინისტრაციული წესით. დაკავებულების შესახებ მათი ახლობლებისგან ხდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული იყო ერთი 16 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს. რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილიდან გაიყვანა. აქციის მონაწილეების ცნობით, დაშავებულებს შორის არის „ტვ პირველის“ ოპერატორი.

ერთმა დემონსტრანტმა გონება დაკარგა და კლინიკაში მოხვდა.

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ დაკავებული პოლიტიკოსი ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ვრცელდება ცნობები, რომ გიგი უგულავაც გათავისუფლდა.

თბილისის შემოსასვლელთან, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“  2 თებერვალს, დღის 4 საათზე დაგეგმილი იყო მშვიდობიანი აქცია – მაგისტრალის გადაკეტვა. მოქალაქეები უკვე 67 დღეა მოითხოვენ ახალი არჩევნების დანიშვნას და ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას. მას შემდეგ, რაც აქცია დაანონსდა, 31 იანვარს „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო დადგენილება და სატრანსპორტო მაგისტრალები დაუმატა იმ სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალს, რომელთა გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და რამდენიმეწლიანი პატიმრობით ისჯება, თუმცა ამან აქციის მონაწილეები ვერ შეაშინა.

დაანონსებული აქციის ადგილას უკვე 4 საათისთვის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. მათ დემონსტრანტებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს, თუმცა რამდენიმე მომენტში თვითონ მოუწიათ გადაკეტვა. პოლიციის მხრიდან ძალადობის შემდეგ დემონსტრანტებმა აღმაშენებლის ხეივანში მოაწყვეს მსვლელობა საქალაქო სასამართლომდე. მათ პოლიციელები მიჰყვებოდნენ. სანამ აქცია მსვლელობად გადაიქცეოდა, ძალოვნებმა 20-ზე მეტი პირი დააკავეს.

გავრცელდა ინფორმაცია აღმაშენებლის მოედნიდან  რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობისას სანაპიროზე დემონსტრანტთა დაკავების შესახებაც, როგორც ამბობენ, დააკავეს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც.

სხვადასხვა ტელევიზიის და დემონსტრანტების მიერ გადაღებულ და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს პოლიციელთა მხრიდან დემონსტრანტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები. ადგილზე იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა რამდენიმე დღის წინ სხვა ძალოვნებთან ერთად ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მას ხმის გამაძლიერებელი ეჭირა და მოქალაქეებს აგინებდა და უცენზურო სიტყვებს ეძახდა. საჯარო წყაროებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ზვიად ხარაზიშვილთან დაკავებული დემონსტრანტი მიჰყავთ და იგი მას (სავარაუდოდ, ახალგაზრდა კაცს) სახეში წიხლს უტყამს. ამის შემდეგ საიამ (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) გენერალურ პროკურორს მიმართა, დაუყოვნებლივ დაიწყონ ზვიად ხარაზიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერონ სამსახურებრივი უფლებამოსილება.

შეგახსენებთ, რომ ზვიად ხარაზიშვილი (მეტსახელად „ხარება“) დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მიერ დასანქცირებულია ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევისთვის.

დღევანდელ დარბევას გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი.

„საქართველო ვერ ამართლებს კანდიდატი ქვეყნის ვერანაირ მოლოდინს, – წერს კაია კალასი, – ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში“.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close