მსოფლიოპოლიტიკა

Time-მა ტრამპი „წლის ადამიანად“ აღიარა – ყველაზე ხანდაზმული და პირველი მსჯავრდებული პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში

ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „წლის ადამიანად“ აღიარა.

როგორც სარედაქციო სტატიაშია აღნიშნული, ტრამპის პოლიტიკურ აღმავლობას ამერიკის ისტორიაში ანალოგი არ აქვს.

„შესაძლოა არცერთ ადამიანს არ უთამაშია იმაზე დიდი როლი პოლიტიკისა და ისტორიის კურსის შეცვლაში, ვიდრე ტრამპს“, – წერს ჟურნალი.

პუბლიკაციის ავტორებმა გაიხსენეს, რომ 78 წლის მილიარდერმა (მისი (ქონება, Forbes Real-Time-ის მიხედვით, $6.3 მილიარდია) ბევრი გააოგნა, როდესაც 2016 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა, შემდეგ ქაოსურად მართავდა ქვეყანას ოთხი წლის განმავლობაში, პანდემიის ერთი წლის ჩათვლით და მომდევნო არჩევნები წააგო, რამაც 2021 წლის 6 იანვარს ძალადობრივი არეულობების პროვოცირება და კაპიტოლიუმზე თავდასხმა გამოიწვია. ბევრს მიაჩნდა, რომ ამით მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა, მაგრამ იგი კვლავ გახდა საპრეზიდენტო კანდიდატი და იძულებული იყო წინასაარჩევნო კამპანია, ძირითადად, ნიუ-იორკის სასამართლო დარბაზიდან ეწარმოებინა, სადაც 34 ბრალდებით გაასამართლეს. ტრამპის ერთადერთმა დებატმა მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ეს უკანასკნელი საბოლოოდ გამოაგდო საპრეზიდენტო რბოლიდან.

პუბლიკაციის ავტორებმა ივლისში პენსილვანიაში ტრამპის მკვლელობის მცდელობაც გაიხსენეს.

თავდასხმა დონალდ ტრამპზე პენსილვანიაში, 2024 წლის 13 ივლისს. ფოტო: AP /Gene J. Puskar

ტრამპის გარდა „წლის ადამიანის“ ტიტულის მისაღებად ჟურნალ Time-ის მოკლე სიაში შედიოდნენ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი, მილიარდერი ილონ მასკი (მისი ქონება შეადგენს $374,9 მილიარდს), ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი, პოდკასტერი ჯო როგანი, მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი და Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი (ქონება – $218,6 მილიარდი).

ტრამპის გამარჯვებას აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში შეიძლება ისტორიული ეწოდოს ბევრი თვალსაზრისით, წერდა „ტაიმი“ კანდიდატების ე. წ. შორტლისტის წარდგენისას.

იგი არის ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი არჩევის მომენტში ქვეყნის ისტორიაში და ამერიკის ერთადერთი მეთაური, რომელიც მსჯავრდებულია სისხლის სამართლის საქმეზე.

ტრამპმა დაამარცხა კონკურენტები, მოიგო შვიდ მერყევ შტატში და გახდა 20 წლის განმავლობაში პირველი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელმაც სახალხო კენჭისყრაში გაიმარჯვა.

აგრეთვე, ტრამპი ისტორიაში მეორე პრეზიდენტია გროვერ კლივლენდის შემდეგ, რომელმაც აშშ-ის ორ არა ერთმანეთის თანმიმდევრობით ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა.

ტრამპს „წლის ადამიანის“ წოდება ჟურნალმა „ტაიმმა“ 2016 წელსაც მიანიჭა, როდესაც მან პირველად მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები.

Time-ი „წლის ადამიანს“ 1927 წლიდან ასახელებს ყოველი წლის დეკემბერში. სხვადასხვა წელს გამოცემის რჩეულები იყვნენ: ადოლფ ჰიტლერი (1938 წელს) და იოსებ სტალინი (ორჯერ, 1939 და 1942 წლებში), მიხაილ გორბაჩოვი (ორჯერ,1987 და 1989 წლებში) და ბილ კლინტონი (ორჯერ, 1992 და 1998 წლებში).  2007 წელს „წლის ადამიანად“ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დასახელდა, 2022 წელს კი – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. გასულ წელს ჟურნალმა Time-მა „წლის ადამიანის“ წოდება მომღერალ ტეილორ სვიფტს მიანიჭა.

ნანა ძნელაძე

დაკავშირებულ თემაზე: დონალდ ტრამპი ჟურნალისტს 30 წლის წინანდელი სექსუალური შევიწროებისთვის 5 მილიონ დოლარს გადაუხდის

დონალდ ტრამპი ჟურნალისტს 30 წლის წინანდელი სექსუალური შევიწროებისთვის 5 მილიონ დოლარს გადაუხდის

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close