მსოფლიოპოლიტიკასაქართველო

რა უთხრა მაკრონმა ივანიშვილს? – ელისეს სასახლის განცხადება და „ქართული ოცნების“ განმარტება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დაურეკა საკუთარი ინიციატივით. სატელეფონო საუბრის დეტალების შესახებ ინფორმაცია ელისეს სასახლემ 11 დეკემბერს გაავრცელა.

„რესპუბლიკის პრეზიდენტმა თავისი ინციატივით გამართა საუბარი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან – ბიძინა ივანიშვილთან.

მან დაგმო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა და ოპოზიციის დაშინება, ასევე, უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მოითხოვა, გათავისუფლდეს ყველა ადამიანი, რომელიც უკანონოდ დააკავეს და მოუწოდა, რომ პატივი სცენ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.

მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას და კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი რწმენა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად აისახება ის მიმართულებები, რომლებიც უკვე იყო ან იქნება არჩეული.

მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, საქართველოს ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფების გათვალისწინებით, რომელსაც კიდევ ერთხელ მიესალმა“, – ნათქვამია ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ საუბრის შესახებ წერს ფრანგული მედიაც.

საფრანგეთის პრეზიდენტსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია „ქართულმა ოცნებამაც“ გამოაქვეყნა თავის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე.

„მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა. ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა“.

მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ“ ემანუელ მაკრონისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ დამატებით ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც  ნათქვამია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა საუბრისას მართლაც დასვა დაკავებულთა გათავისუფლების საკითხი.

„პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში ყველა მათგანი გათავისუფლდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს. ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო 2010 წლის მარტიდან 2012 წლის ოქტომბრამდე. მას პირადად ემანუელ მაკრონის მიერ 2020 წლის 31 დეკემბერს ხელმოწერილი ბრძანებით  მიღებული აქვს საფრანგეთის სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო – საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის (Ordre national de la Légion d’honneur) წოდება კორონავირუსთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის (როგორც ცნობილია, ივანიშვილმა 2020 წელს კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში StopCov 100 მლნ ლარი გადარიცხა).

შესაძლოა ემანუელ მაკრონის ინიციატივა სატელეფონო საუბართან დაკავშირებით მოჰყვა 7 დეკემბერს პარიზში მის შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად  ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიაზე იყო მიწვეული. საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის ვიდეო სალომე ზურაბიშვილმა თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა კომენტარით: „სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები“.

რაც შეეხება აქციებზე დაკავებულებს: 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ ოთხასამდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა, ხოლო 30-ზე მეტი ადამიანი  – სისხლის სამართლის წესით. ადმინისტრაციული წესით დაკავებულების ნაწილი უკვე გაათავისუფლეს – ზოგი მოსამართლის სიტყვიერი შენიშვნით, ნაწილს ფულადი ჯარიმები დაეკისრა (მათ შორისაა პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი, რომელსაც სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის სახით 11 დეკემბერს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა), ნაწილს კი სასამართლომ რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდა.

სახალხო დამცველის აპარატმა თავის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა მშვიდობიან დემონსტრაციებზე დაკავებულთა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 352 ადამიანი, მათგან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 226 ადამიანი – 64%, ხოლო 157 ადამიანს (44%) ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

რაც შეეხება უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელთა აშკარა ძალადობის ფაქტებს, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ ყველა მოძალადე გამოვლინდება და სათანადოდ დაისჯება, თუმცა  ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

საქართველოს პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე 12 დეკემბრიდან გაუქმდა. ამის შესახებ განცხადება პარლამენტმა გაავრცელა.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე 8 დეკემბრიდან მოქმედებდა – მას შემდეგ, რაც 28 ნოემბრიდან გამოცხადებული უსაფრთხოების წითელი დონე  გაუქმდა.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close