Ryanair-მა და სხვა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიებმა შესაძლოა დამატებით ხელბარგზე გადასახადები გააუქმონ
ესპანეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტრომ ბიუჯეტური ავიაკომპანიები Ryanair-ი, EasyJet-ი, Vueling-ი, Norwegian-ი და Volotea მთლიანობაში 179 მილიონი ევროთი დააჯარიმა, მათ შორის, დამატებითი ხელბარგის გადასახადის დაწესების გამო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
არსებული ინფორმაციით,სამინისტრომ დაადასტურა ის ჯარიმები, რომლებიც ჯერ კიდევ მაისში გამოცხადდა და კომპანიების აპელაციები უარყო.
ყველაზე დიდი ჯარიმა Ryanair-ს დაეკისრა – 108 მილიონი ევრო, Vueling-ს – €39 მილიონი, easyJet-ს – €29 მილიონი, Norwegian-ს – €1,6 მილიონი და Volotea-ს – €1,2 მილიონი.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკომპანიები არღვევდნენ კლიენტების უფლებებს, როდესაც აწესებდნენ გადასახადს დიდი ზომის ხელბარგზე, თვითმფრინავში ადგილის შერჩევაზე ან ჩასხდომის ბარათის ამობეჭდვაზე, აგრეთვე, როდესაც არ აძლევდნენ მგზავრებს ნაღდი ფულის გადახდის საშუალებას სარეგისტრაციო დახლებზე ან ბორტზე საქონლის შეძენის შესაძლებლობას.
დაჯარიმებულ ავიაგადამზიდავებს 2 თვე აქვთ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისთვის, რასაც აპირებს კიდეც ესპანეთის ავიაკომპანიების დარგობრივი ჯგუფი. მისმა წარმომადგენლებმა სამინისტროს გადაწყვეტილება „უაზრობად“ შეაფასეს და განაცხადეს, რომ ის არღვევს თავისუფალი ბაზრის და ევროკავშირის წესებს.
მანანა ბანძელაძე
დაკავშირებულ თემაზე: „რაინეარში“ აცხადებენ, რომ 10-ევროიანი ბილეთების ეპოქა დასრულდა
კომენტარები