რომის მეორე რაიონში, პარიოლიში (Q. II) ახალი მურალი გამოჩნდა – მონიკა ვიტის შთამბეჭდავი მონუმენტური გამოსახულება Viale Piarolli-ს 79 ნომერთან მდებარე კიბეებზე.
“What a lovely day, today!” (რა საოცარი დღეა დღეს!) – ასე ჰქვია მურალს, რომელიც ქუჩის მხატვარს, დავიდ ვეკიატოს (იგივე Diavù) ეკუთვნის. ამაღელვებელი ნამუშევარი, ანამორფული ხელოვნების ნიმუში, „იტალიური კინოს დედოფლად“ წოდებულ მონიკა ვიტის უკვდავყოფს ადელაიდ ჩაფროკის (Adelaide Ciafrocchi) როლში, ეტორე სკოლას კინოსურათში „ეჭვიანობის დრამა“ (Dramma della gelosia (tutti i particolari in cronaca), 1970), რომელშიც მოქმედება რომში ხდება. მონიკა ვიტისთან ერთად მასში მონაწილეობენ იტალიური კინოს ვარსკვლავები – ჯანკარლო ჯანინი და მარჩელო მასტროიანი, რომელმაც ამ ფილმში განსახიერებული როლით კანის ფესტივალზე გაიმარჯვა ნომინაციაში „მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი“.
დავიდ ვეკიატომ შთამბეჭდავი მონუმენტური მურალი ბენედეტა მატეუჩისთან და ვინჩენცო დე ფრანჩესკოსთან თანამშრომლობით შექმნა.
მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი მონიკა ვიტი იტალიური კინოს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო. იგი სხვა ჯილდოებთან ერთად პრემია დავიდ დე დონატელოს 5-გზის მფლობელია (და ამ მხრივ მხოლოდ სოფია ლორენს ჩამორჩება). მონიკა ვიტი რომში დაიბადა 1931 წლის 3 ნოემბერს და რომში გარდაიცვალა 2022 წლის 2 თებერვალს 91 წლის ასაკში, ალცჰაიმერის დაავადების გართულებების გამო.
ნინო ხოშტარია
ამავე თემაზე: გარდაიცვალა მონიკა ვიტი – იტალიური კინოს დედოფალი
კომენტარები