საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული ავიაკომპანია SKY express-ი შემოვიდა
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია – ბერძნული „სქაი ექსპრესი“ (SKY express) შემოვიდა, რომელიც ათენი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს (ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს – ათენიდან, სამშაბათს ხუთშაბათს და შაბათს – თბილისიდან) Airbus A321 neo-ს ტიპის თვითმფრინავით. უახლოესი რეისი ხვალ, 15 ნოემბერს, პარასკევს შესრულდება ათენიდან.
„საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შეემატა. „სქაი ექსპრესი“ ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან ერთობლივად მიმდინარეობდა და მნიშვნელოვანია, რომ საერთო ძალებით შევძელით და ახალი ავიაკომპანია შემოვიყვანეთ ქართულ ავიაბაზარზე, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლას და კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს პროგნოზებს მგზავრთნაკადთან დაკავშირებით. მინდა, ავიაკომპანიას წარმატება, ბევრი მგზავრი და უსაფრთხო ფრენები ვუსურვო“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში გამართულ მიღებაზე. მიღებას ესწრებოდნენ, აგრეთვე, „ტავ ჯორჯიას“ (TAV Georgia) გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ავიაკომპანია „სქაი ექსპრესის“ მფლობელი იუანის გრილოსი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
„სქაი ექსპრესი“ მესამე ავიაკომპანიაა ეგეოსის ავიახაზებისა და „ვიზეარის“ შემდეგ, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს ასრულებს.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებით საქართველოდან საბერძნეთის მიმართულებით და პირიქით 186 782-მა მგზავრმა ისარგებლა.
კომენტარები